პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა. "TV პირველთან" საუბრის დროს მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც ადასტურებენ, რომ დეპუტატის სიძეს აშშ-ს ვიზა არ ჰქონდა - საქართველოდან ამერიკაში ლეგალურად მოხვედრა მხოლოდ ვიზით არის შესაძლებელი.
"ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თვითონ გადაწყვიტა", - ამბობს ელისო ოქროპირიძე, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძის დედა.
"TV პირველის" ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეპუტატის სიძეს ვიზა, ელისო ოქროპირიძე პასუხობს, რომ არ ჰქონია. არხის ინფორმაციით, ხუნდაძის სიძე ამერიკაში მექსიკის გავლით მოხვდა.
დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თინათინ ხუნდაძეც ამბობს, რომ მისმა ქმარმა საქართველო აშშ-ს ვიზის გარეშე დატოვა.
"ზუსტად არ ვიცი რითი წავიდა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არის ჩვენი პირადი ურთიერთობა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მეც, მამაჩემიც არის ამით ძალიან უკმაყოფილო. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდიური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში", - ამბობს დეპუტატის შვილი, თინათინ ხუნდაძე.
დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ ცხრა დეპუტატს შორისაა, რომელმაც დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.
დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.
კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.