კრასნოდარის ოლქის ქალაქ გორიაჩი კლიუჩის ხელისუფლებამ აკრძალა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე დაკრძალვა, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სერგეი ბელოპოლსკის დაემუქრა, რომ გარდაცვლილთა ცხედრებს საკუთარ სახლში მიუტანდა.
17 მარტს პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა აუდიომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სურს აკრძალოს "ვაგნერელების" დაკრძალვა ბაკინსკაიას სასაფლაოზე ჟურნალისტების მხრიდან „არასასურველი ყურადღების“ გამო.
"ერთადერთი, რამაც მას აიძულა ხელი აეღო ამ განზრახვაზე, იყო ჩემი მუქარა, რომ თუ ჩვენი მებრძოლების დაკრძალვის უფლებას არ მოგვცემდა, მაშინ წავიღებდი მათ ცხედრებს და მისი სახლის ოთახში დავუდებდი. ამის შემდეგ ის გაჩერდა, მაგრამ გაუბედავად იმეორებდა, რომ ზემოდან ვიღაცამ უბრძანა დაკრძალვის შეჩერება", - ამბობს პრიგოჟინი.
შაბათს პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ კვლავ დააწესა აკრძალვა ახალი მიცვალებულების დამარხვაზე. ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ 19 მარტს დაგეგმილი დაკრძალვა მაინც გაიმართება და ცერემონიაზე ჟურნალისტები მიიწვია.
ქალაქ გორიაჩი კლიუჩის ხელისუფლება ამ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე სასაფლაო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამარხს წარმოადგენს.
ასევე ნახეთ
თებერვალში ყუბანის სასაფლაოზე „ვაგნერის“ მებრძოლთა ოთხმოცი ახალი საფლავი აღმოჩნდა- კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე, 2-დან 23 თებერვლის განმავლობაში 80 ახალი საფლავი გამოჩნდა, - ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას აცნობა ყუბანელმა აქტივისტმა, ვიტალი ვატანოვსკიმ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების აღრიცხვას აწარმოებს.
- აქტივისტის თქმით, ამ არეალში „ვაგნერელთა“ საფლავების საერთო რაოდენობა ამჟამად თითქმის 400-ს აღწევს.