თბილისის მეტროს პირველ ხაზზე სადგური "გოცირიძე" თითქმის სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს მეტროს ამუშავებიდან, დილის 06:00 საათიდან იღებს.
"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროს სადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 17 მარტს.
"გოცირიძეზე" განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები.
მეტროსადგური "გოცირიძე" 2020 წლის ზაფხულში დაიხურა. პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა. ხელშეკრულების ღირებულება 3,1 მლნ ლარზე მეტი იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სატრანსპორტო კომპანიამ 1,6 მლნ გადაიხადა.
სადგურის რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. ბოლო შეთანხმებით, რომელიც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და კომპანია "მამისონს" შორის დაიდო, ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. ხელშეკრულების ღირებულება 4,7 მლნ ლარზე მეტი იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სატრანსპორტო კომპანიამ 1,4 მლნ გადაიხადა.