ოჯახი ვერ უკავშირდება წარმოშობით პანკისელ ქალს, რომელიც მეოთხე დღეა ქუთაისის აეროპორტშია

ფოტო არქივიდან

ლეილა ქავთაროვას, რომელიც მეოთხე დღეა მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში ჰყავთ შეყოვნებული და ქვეყანაში არ უშვებენ ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. როგორც ქალის მეუღლემ ბექა ტოხოსაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, დღეს დილით მესაზღვრეებმა ლეილას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

ლეილამ დილის ოთხ საათზე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ პოლიციელები ტელეფონის ჩამორთმევას აპირებენო. მას შემდეგ ნომერი საერთოდ გამორთულია. მესაზღვრეებს უთქვამთ, აქედან ჟურნალისტებს ინტერვიუებს, რომ აძლევ ამიტომ გართმევთ ტელეფონსო. მე ახლაც ქუთაისში ვარ და იქ არ მიშვებენ, ვეკითხები და მეუბნებიან, კარგად არიანო. მე როგორც ვიცი ტელეფონის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდათ, ეს კანონდარღვევაა“ -თქვა ბექა ტოხოსაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ქალისთვის ტელეფონის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე. უწყებაში მეორე დღეა არ პასუხობენ, კითხვას რატომ არ უშვებენ 23 წლის ქალს და მის მცირეწლოვან შვილს საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაციის "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტის თათია კაჭარავას თანახმად ზოგადად ტელეფონის ჩამორთმევა დაუშვებელია, თუკი ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის არ გამოიყენება.

ეს დასაშვები არ არის, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევებში თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ ტელეფონი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის გამოიყენება, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. თუ ნამდვილად იმის გამო ჩამოართვეს, რომ მას ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ჰქონოდა, ეს კანონდარღვევაა. მას როცა უკან გააბრუნებენ ტელეფონს დაუბრუნებენ, მაგრამ უფლება აქვს კონტაქტი ჰქონდეს ოჯახთან. ახლა პოლიციის დასაბუთებაა მთავარი, რის გამო ჩამოართვეს ტელეფონი. მართალია ამ საქმეს ჩვენ არ ვსწავლობთ, თუმცა პირადად მე გუშინ ველაპარაკე ლეილას, მაინტერესებდა როგორ პირობებში იყო და ხომ არ ჰქონდა ელემენტარული საჭიროებების პრობლემა. მითხრა, რომ ასეთი პრობლემა არ იყო და საკვებს მეუღლე აწვდიდა. შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცი“ - ამბობს იურისტი.

ქუთაისის აეროპორტში 23 წლის ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის შეყოვნების ამბავი 16 მარტს, დუისის ცენტრში გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი.

ასევე ნახეთ აქცია პანკისში - წარმოშობით დუისელ ქალს საქართველოში არ უშვებენ

რადიო თავისუფლება ლეილა ქავთაროვას 16 მარტს დაუკავშირდა.

მე და ჩემი შვილი სამი დღეა, აეროპორტის ერთ ოთახში ვართ. ვკითხე, რატომ გამაჩერეს, თუმცა არაფერს მეუბნებიან. მხოლოდ ის თქვეს, რომ უკან ფრენა 18 მარტს არის და უნდა გავფრინდე. ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. პასპორტები ჩამომართვეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. მაშინ სამი დღე ვიყავი აეროპორტში. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლეილა ქავთაროვამ.

ქალს ამჟამად რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ქუთაისში საფრანგეთიდან ჩაფრინდა.