უგონოდ მყოფი 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბავშვს ყელთან მცირე დაზიანება ჰქონდა, რადიო თავსუფლების ინფორმაციით, იმდენად უმნიშვნელო, რომ ის არ უნდა გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სახელდება საკვებით ასფიქსია. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ასეთ მცირე დროში შეუძლებელია, საბოლოო დასკვნა კი გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე ამ ინფორმაციას ოფიციაურად არ ადასტურებს.
სად ნახეს ანი?
ჯაგნარით გარშემორტყული ტერიტორია, სადაც 12 წლის ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ტერიტორია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და ავტოფარეხებითაა გარშემორტყმული.
მანუჩარ დვალი, ანის ბებიის ძმა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საღამოს 9 საათისთვის ანი უფროს დეიდაშვილთან ერთად, ეზოში სასეირნოდ გავიდა:
„საღსალამათი, ჯანსაღი ბავშვი ვიპოვეთ გაგუდული ბუჩქებში. რა ვთქვა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანო. ძალადობა და გაუპატიურება არ არისო, მაგრამ ვერ გავიგეთ. კრიმინალისტები იტყვიან, რა არის და როგორ არის. იმ ტერიტორიაზე ბავშვები სულ ტრიალებენ. ზოგი სეირნობს, ზოგი ეწევა. ანი და მისი დეიდაშვილი იყვნენ ერთად. [დეიდაშვილი] დაახლოებით 9 საათისთვის ამოვიდა სახლში, ანის უთქვამს, მე ერთ წრეს კიდევ დავარტყამ და ამოვალო, „ჩიფსებს“ ჭამდა თუ რაღაცას... ერთ სართულზე ცხოვრობენ ჩემი დის შვილები. ანის დედას ეგონა, რომ ბავშვი დეიდასთან იყო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ანი სახლში არ ასულა და მაშინვე დაიწყეს ძებნა“.
როგორც ადგილობრივები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ბავშვის გაუჩინარებამდე მათ არ გაუგიათ არც ყვირილის ხმა და არც ეზოში შეუნიშნავთ რაიმე საეჭვო ვითარება:
„აქვე ვცხოვრობ, ამ კორპუსში. სწორედ ამ ტერიტორიას უყურებს ჩვენი ფანჯრები. ხმაური მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ბავშვის ძებნა დაიწყეს. სასწრაფო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გონზე მოყვანას, როგორც მივხვდი, გულის მასაჟსაც უკეთებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. დაზუსტებით იმის თქმაც არ შემიძლია, ბავშვი რომ იპოვეს უკვე გარდაცვლილი იყო თუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“, - გვეუბნება პეტრიწის 12 ნომერში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი.
თავდაპირველი ინფორმაციით, დაკარგული იყო ბავშვის მობილური ტელეფონი. თუმცა, შსს-ს ცნობით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მისი ტელეფონი იმავე ტერიტორიაზე იპოვეს და ნივთმტკიცებადაა წაღებული.
როგორ ახასიათებენ ადგილობრივები ტერიტორიას, სადაც ანი იპოვეს?
ტერიტორიაზე, სადაც ანი იპოვეს, გარე განათება არ არის და მთლიანადაა გარშემოტყმული ბუჩქებითა და ჯაგნარით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებს:
„ძალიან არ მიყვარს ამ გზაზე გამოვლა. განსაკუთრებით უკვე შებინდებულზე. ისეთი სიბნელეა ხოლმე აქ, რომ ტელეფონით თუ არ გაანათე, არაფერი ჩანს. თქვენც ხედავთ, ნაგავსაყრელადაა ქცეული. გამოყენებული შპრიცები ყრია. სკოლიდან რომ მომყავს ხოლმე შვილიშვილი, ვცდილობ, რომ დროზე გადმოვიარო ეს ადგილი, ან შედარებით გრძელი გზით წავიდეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადგილობრივი.
ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც 12 წლის მოზარდი იპოვეს, რამდენიმე გარე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ერთ-ერთი კამერა იქვე, მშენებარე ობიექტზეა მიმაგრებული, მეორე - ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე საკვებ ობიექტზე. მართალია კონრეტულად ის სივრცე, სადაც ანი ნახეს, ამ კამერების ობიექტივში არ ხვდება, თუმცა, კამერები ტერიტორიისკენ მიმავალ გზებს, სავარაუდოდ, კარგად უნდა აფიქსირდებდეს.
ადგილობრივები მომხდარის გამო შეშინებულები არიან. ისინი მოითხოვენ როგორც მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებას, ისე ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის გასუფთავებას და ტერიტორიაზე გარე განათებების დამონტაჟებას:
„პატარა დის შვილები მყავს. ამ ამბის შემდეგ, არ ვიცი, გარეთ როგორ უნდა გავუშვა. ყველანი ასე ვფიქრობთ. თქვენც ხომ ხედავთ გარშემო რა ხდება. ახლა კიდევ რა უჭირს, ხეების ტოტები მოჭრეს, აქამდე სრულიად დაბურული ტერიტორია იყო“, - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.
„ლელო არენას“ ორივე გზა ჩაბნელებულია. პეტრიწის ქუჩაზე მცხოვრებნი დამეთანხმებიან, რომ ამ ჩაბნელებულ ქუჩებზე ტელეფონების ფანრებით დავდივართ. სანამ რამე არ მოხდება, მანამდე ყველა ჩუმად არის ხოლმე. ამ ბავშვმა რა დააშავა?“
12 წლის ანის ცხედარი უკვე გადაასვენეს სახლში.