საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?

ფილიპ დზიადკო და ანა რივინა საქართველოში თებერვალში არ შემოუშვეს

ოპოზიციონერებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს რუსეთში უცხოეთის აგენტებად აცხადებენ და დევნიან. ნაწილი საქართველოში გამორბის, თუმცა მესაზღვრეები მათ უკან აბრუნებენ. არც შემოშვებულებს აქვთ გარანტია, რომ საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებენ.

ფილიპ დზიადკოს გული ცუდს უგრძნობდა. 17 თებერვალს, ბერლინში რუსი მწერალი გერმანელ ჟურნალისტს ეუბნებოდა, მეშინია, საქართველოდან უკან არ გამაბრუნონო. მეორე დღეს ასეც მოხდა.

მწერალი საქართველოში 2022 წლის მარტიდან ცხოვრობდა. “ყოველ ჯერზე, როცა ვბრუნდებოდი, [მესაზღვრეები] მთხოვდნენ, დამეცადა და მარწმუნებდნენ, სისტემამ გაჭედაო. ვხალისობდით კიდეც, რომ შეუძლებელია სისტემა სულ ერთ ადამიანზე ჭედავდეს”, - იხსენებს ის.

18 თებერვალს, ვენიდან ჩამოფრენილს იგივე უთხრეს, სისტემამ გაჭედაო. მაგრამ ამ ჯერზე თითქმის ოცი საათით. ბოლო-ბოლო საქართველოში არ შემოუშვეს და არც მიზეზი აუხსნეს.

საზღვრიდან გაბრუნების მიზეზი პუტინის ხელისუფლების კრიტიკის გარდა, შეიძლება მისი ჟურნალისტი ძმა, ტიხონ დზიადკოც ყოფილიყო. იგი რუსული ოპოზიციური არხის, “დოჟდის” საინფორმაციო გადაცემების წამყვანია. “დოჟდი” რუსეთში უცხოეთის აგენტადაა გამოცხადებული და ნიდერლანდიდან მაუწყებლობს. მათი საიტი რუსეთში დაბლოკილია.

ფილიპ დზიადკო

ახლა ფილიპ დზიადკო ერევანშია, და ისღა დარჩენია, იმარჩიელოს, საქართველოში დაბრუნებას კიდევ ოდესმე თუ შეძლებს. არადა, თბილისში მას ცოლ-შვილი დარჩა.

“საქართველოს ხელისუფლების ქცევა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ჩემს ანტისაომარ პოზიციას ომის დაწყების დღიდან ვაფიქსირებ. ვერ ვხვდები, საქართველოში რატომ ვერ უნდა შემოვდიოდე”, - ამბობს ის.

როგორც წესი, ხელისუფლება პუტინის მოწინააღმდეგეების არშემოშვებას უკომენტაროდ ტოვებს. თუმცა ფილიპ დზიადკოს არშემოშვებას გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. “მითხრეს, რომ ვიღაც რუსეთის მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს ქვეყანა დაინგრა”, - თქვა მან 21 თებერვალს.

მიზეზის განუმარტავად

რუსულ თემში ფიქრობენ, რომ ფილიპ დზიადკოს არშემოშვება კანონზომიერებაა. აქტივისტი და მომღერალი ოლგა ბორისოვა, ჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, ფოტოგრაფი დავიდ ფრენკელი, პოლიტიკოსი ლიუბოვ სობოლი, ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი… სხვადასხვა დროს ყველა მათგანი იმავე ისტორიაში გაეხვია.

ყველა უცხოეთის აგენტი ან უცხოეთის აგენტის [იგულისხმება ორგანიზაცია] თანამშრომელია. უკვე ერთი წელია მათ, ვინც პუტინის ხელისუფლებას აკრიტიკებს, ანუ უცხოეთის აგენტებს და ასევე მათ ნათესავებს, საქართველოს საზღვარზე პრობლემები ექმნებათ.

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც ეუბნებოდნენ უარს ქვეყანაში შემოშვებაზე, მაგრამ მაშინ მიზეზს განმარტავდნენ. უმეტესობას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ. ანუ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან უნდა ყოფილიყვნენ შესული.

თუმცა ახლა მესაზღვრეები ოპოზიციონერებს მიზეზს არ უმარტავენ, რის უფლებასაც კანონი აძლევთ. ხელისუფლება არ ამხელს, რუსეთის რამდენი მოქალაქე არ შემოუშვა საქართველოში 2022 წელს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საზღვრიდან 3036 ადამიანი გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქე ჩამოვიდა. სულ 2022 წელს, 1.4 მილიონზე მეტი. აქედან რამდენი დარჩა, ესეც უცნობია. შსს-მ გამოაცხადა, რომ ოქტომბრის მონაცემებით 122 ათასია, თუმცა ამის შემდეგ რიცხვები აღარ განუახლებია.

ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა 2022 წლის აგვისტოში (ტურისტულ თვეში) და სექტემბერში. ანუ მაშინ, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და სახელმწიფო მამაკაცებს ჯარში წაყვანით დაემუქრა.

ეს არის მონაცემები პორტალიდან Data for Crisis, რომელიც შექმნილია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია Forset-ისა* და გერმანული DW Akademie-ს მიერ. მათ გააანალიზეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაწერილი 1 200 000-ზე მეტი პოსტი.
რუსი მიგრანტები ბევრს პოსტავენ იმაზე, რომ საქართველოს საზღვრის კვეთისას პრობლემები ექმნებათ. ისინი ჰყვებიან, რომ ყველაზე ხშირად უარს ეუბნებიან მათ, ვინც ქვეყანაში სომხეთიდან ცდილობს შესვლას. მესაზღვრეები ხშირად ეკითხებიან საქართველოში ჩამოსვლის მიზეზს, რამდენი ხნით აპირებენ დარჩენას და მსახურობდნენ თუ არა (კაცები) რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. იმასაც წერენ, რომ მესაზღვრეები ხშირად აშორებენ ოჯახებს. ანუ ოჯახის ერთ წევრს უშვებენ და მეორეს - არა.

ჩივილი ევროსასამართლოში

რუსი უფლებადამცველი, ანა რივინა საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცხოვრობს. იქიდანვე მოყოლებული, საქართველოს საზღვარზე აყოვნებენ. არადა, მანამდე, მოგზაურობისას “ყველაფერი რიგზე იყო”.

“პირველად ომის დაწყების შემდეგ მარტის ბოლოს ჩამოვედი. მე და ჩემი ქმარი თვითმფრინავიდან პირველები გამოვედით, თუმცა ყველაზე დიდხანს გვალოდინეს”. ასე ხუთჯერ განმეორდა.

ანა რივინას ორგანიზაცია Насилию.нет (არა ძალადობას) ქალებს ეხმარება და ოჯახური ძალადობისგან იცავს. ორგანიზაცია რუსეთში 2021 წელს უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს. თავად ანა რივინა კი - 2023 წლის 10 თებერვალს. 12 თებერვალს ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.

ანა რივინა

მესაზღვრეებმა არათუ მიზეზი არ განუმარტეს, არამედ “მომატყუეს, და არავითარი საბუთი არ მომცეს… უამრავ ადამიანს უბრალოდ ქვეყნიდან გასვლის ეშინია. საზღვრის კვეთას უკვე როგორც ლატარიას, ისე უყურებენ”, - ამბობს ანა, რომელიც თავის ორგანიზაციას ახლა ისრაელიდან ხელმძღვანელობს.

ამიტომაც ის სასამართლოში ჩივილს აპირებს. შსს-სთან მესაზღვრეების გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში სასამართლოს სამივე ინსტანციას მოივლის და ბოლოს ევროსასამართლოში წავა.

“როცა ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ მიდის და საპირისპიროდ იქცევა, ეს უნდა დაფიქსირდეს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იურისდიქციაში”, - ამბობს იგი.

ბინა და კატა

სანამ ეს ტექსტი იწერებოდა, საქართველოში არ შემოუშვეს “დოჟდის” კიდევ ერთ ჟურნალისტი, საშა შვედოვა. მასაც იგივე ისტორია აქვს. საცხოვრებლად 2022 წლის მარტში გადმოვიდა, საზღვარზე მუდმივად აყოვნებდნენ და ბოლოს უარი ისე უთხრეს, რომ მიზეზი არ განუმარტავთ. ახლა ის ლატვიის დედაქალაქ რიგაშია. ჟურნალისტს თბილისში დარჩა ნაქირავები ბინა და კატა.

* მასალა შექმნილია Forset-თან თანამშრომლობით, პროექტის, Data for Crisis Fellowship ფარგლებში. მასალის შექმნაში მონაწილეობდა მონაცემთა ანალიტიკოსი თეკლა ორთოიძე.