აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიება - ომბუდსმენი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე

ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი თბილისში, დიდ დიღომში მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება უნდა იყოს დროული და ეფექტიანი.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ისინი შეისწავლიან ფაქტს და მანდატის ფარგლებში იკვლევენ პასუხისმგებელი უწყებების მოქმედებებს, მათ შორის გამოძიების მიმდინარეობის კუთხით.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება", - წერია განცხადებაში.

დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას ყელის არეში აქვს მსუბუქი დაზიანება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.