პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯაშუშურ ქსელს მიაგნო

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 მარტს განაცხადა, რომ აღმოაჩინა ჯაშუშური ქსელი.

თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თანახმად, არსებობდა რეალური მუქარა. მან Polskie Radio-ს უთხრა, რომ ჯაშუშთა ქსელი აგროვებდა ინფორმაციას მათთვის, ვინც უკრაინას თავს დაესხა.

Reuters-ის თანახმად, სამინისტრო მეტი დეტალების შესახებ არ იტყობინება, მაგრამ მის განცხადებას წინ უსწრებდა კერძო მაუწყებლის, RMF FM-ის ცნობა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ჯაშუშთა ჯგუფის დაკავების შესახებ.

RMF-ის ინფორმაციით, პოლონეთის უშიშროების სამსახურმა დააკავა ექვსი პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. არსებული ცნობით, ჯგუფი გეგმავდა დივერსიულ საქმიანობას.

RMF-ს თანახმად, ეს პირები არიან პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების მოქალაქეები და მუშაობდნენ რუსეთის დაზვერვისთვის. ჯაშუშებმა ფარული კამერები დაამონტაჟეს მნიშვნელოვან სარკინიგზო მარშრუტებზე, ძირითადად სამხრეთში, კარპატისპირეთის რეგიონში.