„გვითხრა, წადით და თუ გაჩერდებით, ვისვრიო" - ესებუას საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესი

15 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას საქმის განხილვა განაგრძო. პროცესზე 11 მოწმე დაკითხეს, მათ შორის იყვნენ 2020 წლის თავდასხმის მძევლები, გამომძიებლები და ექსპერტები. სხდომაზე ელექტრონულად დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი დავით ხვიბლიანი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის ერთ-ერთია იმ ოთხ ყოფილ მძევალს შორის, რომლებიც ბანკზე თავდამსხმელმა შენობის დატოვებისას თან წაიყვანა. სხვა მძევლებისგან განსხვავებით, შეიარაღებულ პირს დავით ხვიბლიანისთვის ხელები არ შეუკრავს, რადგან მას ავტომანქანის მართვა დაავალა.

დავით ხვიბლიანმა, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკში იმყოფებოდა, როცა იქ შეიარაღებული პირი შეიჭრა, თითქმის იგივე უამბო სასამართლოს, რაც სხვა, მანამდე დაკითხულმა მოწმეებმა. მან დაადასტურა, რომ სამხედრო ფორმიანმა, შეიარაღებულმა ადამიანმა ბანკში შეჭრისას დაიყვირა: „ძარცვაა, დაწექით!” მისივე სიტყვებით, გაიგონა გასროლის ხმაც. თქვა, რომ დაინახა ასევე როგორ გაისროლა შეიარაღებულმა პირმა ვიდეოოპერატორის მიმართულებით, რომელიც შენობას გარედან იღებდა. დაზარალებული ამბობს, რომ ნერვიულობდა, ამიტომ ვერ დააფიქსირა, თუ რამდენი გასროლა იყო. დავით ხვიბლიანმა პროცესზე თქვა, რომ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. მასთან საუბარში მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ თავდამსხმელმა 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა მოითხოვა. მოწმის თქმითვე, მას შემდეგ, რაც გალდავამ თანხა ბანკში მიიტანა, თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაუშვა და დატოვა ოთხი ადამიანი - თავად დავით ხვიბლიანი, ლაშა შენგელია, ავთანდილ გალდავა და მურმან ბულია.

„გალდავამ შესთავაზა, მარტო მე გამოგყვები და სხვები გაუშვიო, მაგრამ ის არ დასთანხმდა”, - თქვა დაზარალებულმა. მისი ჩვენებით, ყველა მძევალს, მის გარდა, „ხელები თოკით გადაუკრა” და გაიყვანა გარეთ, სადაც მანქანა უკვე ელოდა: „მე მომცა თანხა. მითხრა, რომ მე უნდა წამომეღო და საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი… მახსოვს, რომ თავდამსხმელს ხელი გალდავაზე ჰქონდა გადაბმული და მის გვერდით იჯდა.”

დავით ხვიბლიანის თქმით, იარეს წალენჯიხის და ჩხოროწყუს მიმართულებით და გაჩერდნენ რამდენჯერმე - ერთხელ მაშინ, როცა მიტოვებულ შენობაში მძევლებს თავდამსხმელმა ტელეფონები დაატოვებინა, მეორედ ისევ იმ ადგილას, რათა გადაემოწმებინათ, ტელეფონები იყო ადგილზე თუ არა. კიდევ ერთი გაჩერებისას, სოფელ სქურში კი ყველა გადმოიყვანა მანქანიდან.

„გალდავას ეუბნებოდა, არავინ უნდა გამოგვყვესო…ნახა მანქანები რომ მოჰყვებოდა, გაღიზიანდა და გაისროლა… ამის შემდეგ გზა გავაგრძელეთ. რამდენიმე მდინარე გადავიარეთ. ერთ-ერთ მდინარეში გაგვაჩერა. მე გადმომიყვანა და ის ჩანთა დამასველებინა, რომლითაც ფული მოიტანეს…ჩემი ვარაუდით, მან მანამდე გადმოიტანა ამ ჩანთიდან თანხა თავის ჩანთაში… მანქანის წინა სავარძელზე სველი ჩანთა წამასმევინა. მე მგონი, „კოვრიკებს" თვითონ გაავლო წყალი. გვითხრა, წადით და თუ გაჩერდებით, ვისვრიო, ცუდი არ გამაკეთებინოთო”, - გაიხსენა დაზარალებულმა.

ბადრი ესებუას საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე დავით ხვიბლიანი დისტანციურად დაკითხეს

სასამართლომ მოისმინა „საქართველოს ბანკის” უფროსი მოლარის, ნინო აბრალავას ჩვენებაც. მისი სიტყვებით, 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის გაიგონა ხმაური - „ხალხის ჩოჩქოლი და სიტყვები: ძარცვაა, დაწექით”. როგორც მოწმემ აღნიშნა, ამის შემდეგ გაიგონა გასროლის ხმაც და სიტყვები: „სად არის მენეჯერი?” ნინო აბრალავას თქმით, იმის გამო, რომ მისი სამუშაო კუთხე ბანკის შემოსასვლელიდან ცოტა მოშორებითაა, შეძლო საცავში [პატარა ოთახში] შესვლა, სადაც თითქმის 8 საათი გაატარა.

„შემეშინდა და ვერ გამოვედი. დავურეკე მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს… შემდეგ სპეციალურმა სამსახურმა გამომიყვანა…ალბათ 8 საათი გავატარე იქ. ძალიან ცუდად ვიყავი. კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, მოვკვდებოდი”, - თქვა ნინო აბრალავამ.

პროცესზე ჩვენება მისცა „საქართველოს ბანკის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი კანკიამ. მისი სიტყვებით, თავდასხმის დროს იმყოფებოდა მესამე სართულზე. მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ შენობის პირველ სართულზე შეჭრილია შეიარაღებული პირი, რომელმაც მძევლად აიყვანა იქ მყოფები, მეორე და მესამე სართულიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო - გაიყვანა ისინი ბანკის ბოლო სართულზე, ვერანდაზე. მოწმის თქმით, შემდეგ მათ საავარიო კიბით დაიწყეს ქვევით ჩასვლა: „შოკში იყო ხალხი. ზოგიერთს გადახტომაც კი უნდოდა. ერთ-ერთი ჩასვლისას კიბეზე ბოლომდე არ ჩასულა, ისე ჩახტა და ფეხი დაიზიანა”, - განაცხადა გიორგი კანკიამ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესი

სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა რამდენიმე გამომძიებელი. მათ შორის ისინი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ბანკის” დათვალიერებაში მას შემდეგ, რაც ის დატოვა თავდამსხმელმა. გამომძიებელ აბესალომ ჭუმბურიძის თქმით, ბანკში სამი ადგილიდან აიღეს სუნის ნიმუშები. მან თქვა, რომ იპოვეს ორი ცალი მასრა, ერთი ცალი ტყვიის ლულის ფრაგმენტი და ერთ-ერთი მოლარის მაგიდასთან ორი ცალი მასრისმაგვარი საგანი. გამომძიებელმა თქვა, რომ ბანკის შუშას ჰქონდა „ორი ნახვრეტი და იყო გაბზარული”. „ამოვიღეთ მესამე სართულის ოთახში მდგარი გორგოლაჭიანი სკამიც, რომელზეც თავდამსხმელი იჯდა”, - აღნიშნა მოწმემ. მანვე აღნიშნა, რომ ის მონაწილეობას იღებდა ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრი ესებუას ხმის და სუნის ნიმუშების აღებაში, რომელსაც ესწრებოდნენ მისი ადვოკატები.

სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ სამართალდამცველები, რომლებმაც „ცეცხლსასროლი იარაღის და ბანკიდან გატაცებული თანხის პოვნის მიზნით” გაჩხრიკეს ბადრი ესებუას მშობლების და ნათესავის სახლები. პატრულ-ინსპექტორ კახა შეროზიას თქმით, ბადრი ესებუას მშობლების სახლიდან ამოიღეს რამდენიმე წყვილი სამხედრო ფორმა, სანადირო თოფი, ვაზნები და მობილური ტელეფონი.

მოწმეების დაკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 17 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა. ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა, მოგვიანებით კი ჩხოროწყუს მიმდებარედ სიბნელეში გაუჩინარდა.