ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე ღარიბაშვილმა ქვეყნის რეიტინგის არასწორი ინტერპრეტირება გააკეთა - IBP

ფოტოილუსტრაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა" ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმაზე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ორგანიზაცია წერს, რომ პრემიერმა ქვეყნის რეიტინგის "არასწორი ინტერპრეტირება გააკეთა". ასევე აღნიშნავენ, რომ ვერ შეეგუებიან მთავრობის მიერ "ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის" გამოყენებას "დრაკონული კანონის" გასამართლებლად.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ გასულ კვირას საქართველოში განვითარებული მოვლენებით, როდესაც მთავრობამ დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები. ისინი იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას შეზღუდავდა. მადლიერი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მის მიღებაზე მას შემდეგ, რაც ის ქართველმა ხალხმა საყოველთაოდ დაგმო.

მიუხედავად ამისა, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კანონის გასამართლებლად პრემიერ-მინისტრმა "ღია ბიუჯეტის კვლევაში" ქვეყნის რეიტინგის არასწორი ინტერპრეტირება გააკეთა...

ვერ შევეგუებით, რომ საქართველოს მთავრობამ "ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგი" გამოიყენოს დრაკონული კანონის გასამართლებლად, რაც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს, გამჭვირვალობის საბაბით", - წერს ორგანიზაცია და ასევე შენიშნავს, რომ წარდგენილი კანონპროექტი არასაჭირო ადმინისტრაციულ ტვირთს ჰკიდებდა მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოეთის აგენტებად" დარეგისტრირებით, თუკი მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდანაა.

"საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა" განმარტავს, თუ რას მოიცავს მათი კვლევა და რას - არა:

"ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობასა და საზოგადოების მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია მის მნიშვნელოვან საბიუჯეტო დოკუმენტებში.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო, საბიუჯეტო პროცესის მიღმა სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია საზოგადოებასთან. დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის მზარდი და შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინა".

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ "ღია ბიუჯეტის კვლევის" მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნები უფრო გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის საგზაო რუკით, რაც საბიუჯეტო ხარჯვით პროცესში საზოგადოების ჩართვასა და დიალოგს შეუწყობს ხელს.

მათივე თქმით, "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა" დამოუკიდებელ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს "ღია ბიუჯეტის კვლევას". ხოლო კვლევისა და მისი შედეგების მიმართ სანდოობას დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობა განსაზღვრავს:

"ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საჯარო სექტორის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული საზოგადოებების არსებითი წინაპირობაა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, მათ, ვინც ისწრაფვის უფრო დემოკრატიული მომავლისკენ".

12 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში. მეტიც, მან თქვა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

"მეორეს მხრივ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვაძახებენ და მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში.

ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ინტერესი იყო შემდეგი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. და რას ვგულისხმობ, მე ვიგულისხმე და აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა, ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის "იმედიანი" გზავნილები