ანტისაომარი განცხადების გამო მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი "კომუნისტური პარტიის" რიგებიდან გარიცხეს

ევგენი სტუპინი, მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი

ომის საწინააღმდეგო წერილის ხელმოწერისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ილია იაშინის დადებითი დახასიათების გამო, 14 მარტს "კომუნისტური პარტიის" მოსკოვის საქალაქო კომიტეტის ბიურომ ევგენი სტუპინი პარტიის რიგებიდან გარიცხა.

ამის შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა დეპუტატმა, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის მოადგილე ი. აფონინი.

„სამი მიზეზი დაასახელეს: ჩემ მიერ 2022 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი წერილი „სოციალისტები და კომუნისტები ომის წინააღმდეგ“, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ილია იაშინისათვის დადებითი დახასიათების მიცემა და 2022 წელს მოსკოვის საქალაქო საბჭოში მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ანგარიშისათვის წინააღმდეგ ხმის მიცემა“, - წერს ევგენი სტუპინი.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, სტუპინი ჯერ არ არის გარიცხული მოსკოვის საქალაქო დუმის კომუნისტური პარტიის ფრაქციიდან.

ამასთან გამოცემა წერს, რომ ეს არის "კომუნისტური პარტიის" რიგებიდან დეპუტატის გამორიცხვის მესამე შემთხვევა. 2021 წლის მარტში "კომუნისტური პარტიის" ფრაქციიდან გარიცხეს დეპუტატები ელენა შუვალოვა და დიმიტრი ლოკტევი, რომლებიც მანამდე პარტიიდან გარიცხეს. შუვალოვას გარიცხვის ერთ-ერთი მიზეზი იყო 2019 წლის ბოლოს ორგანიზებული „მრგვალი მაგიდა“, რომელზეც ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მიიწვია. რაც შეეხება ლოკტევს, ის "კომუნისტური პარტიიდან" პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის საარჩევნო მემორანდუმის შეუსრულებლობის გამო გარიცხეს. თავად დეპუტატმა თავისი გარიცხვა იმ ფაქტს მიაწერა, რომ 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ევგენი სტუპინი აცხადებს, რომ აპირებს ცალკე ვიდეოს ჩაწერას, რომელშიც ისაუბრებს ორსაათიანი დისკუსიის მიმდინარეობაზე და პარტიიდან თავისი გარიცხვის შედეგებზე.