ბათუმში ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბიჭი თურქეთში გადაიყვანეს

შემთხვევის ადგილი ბათუმის სანაპიროზე

ოჯახის გადაწყვეტილებით, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს 3 წლის ბიჭი, რომელიც 12 მარტს ბათუმში ძლიერი ქარის გამო გადაყირავებულ ბატუტზე მძიმედ დაშავდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში, ბავშვი თურქეთში წუხელ გადაიყვანეს.

„ნეიროქირურგიული ჩარევა იყო ჩვენთან. აღენიშნებოდა თავის ქალის ტრავმა. მდგომარეობა რჩებოდა სტაბილურად მძიმე. წუხელ გადაიყვანეს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში.

3 წლის ბიჭი 12 მარტს დაშავდა ბათუმის ბულვარში საბავშვო ბატუტზე ყოფნისას. მისი 9 წლის ძმა მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ პასუხს ვინ აგებს? - რა ხდებოდა ბავშვის დაღუპვამდე და მის შემდეგ ბათუმის ბულვარში

ძლიერი ქარის ამოვარდნის დროს ბათუმის ბულვარში, არაგანის ტბასთან მდებარე საბავშვო ბატუტი ამოტრიალდა. ამ დროს ბატუტზე იმყოფებოდნენ 9 და 3 წლის ძმები. თვითმხილველების თქმით, ქარმა ბატუტი მაღლა აიტაცა და ამოაყირავა.

13 მარტს შსს-მ დააკავა კაცი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.