ეკატერინბურგში მეტროს სადგურში გაჩენილი ხანძრის გამო 400 ადამიანი იყო ევაკუირებული

ფოტო არქივიდან: მეტროს სადგური ეკატერინბურგში

ეკატერინბურგის მეტროს „ურალმაშის“ სადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო 384 ადამიანის, მათ შორის 58 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის მიზეზად საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სავენტილაციო სისტემაში მოკლე ჩართვას ასახელებს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სადგურზე კვამლი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შენიშნეს, ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სავენტილაციო სისტემაში კაბელი იწვოდა. დილის 8 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

სახანძრო სამსახურის მუშაობისას დაკეტილი იყო სადგურის ერთ-ერთი ვესტიბიული. იუწყებიან, რომ ამ დროისთვის მეტროსადგურის მუშაობა აღდგენილია.