რუსული დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი ალექსანდრა შვედჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.
„დოჟდის“ ინფორმაციით, შვედჩენკო საქართველოში რიგიდან ჩაფრინდა. ნახევარი საათის შემდეგ ჟურნალისტს აცნობეს, რომ არ უშვებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „სხვა მიზეზით“. მესაზღვრეებმა ალექსანდრა შვედჩენკო რიგის რეისზე დასვეს.
მანამდე შვედჩენკო ერთი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა.
„მგონი, დროა, საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ოფიციალური კანონი გამოსცეს, სადაც მითითებული იქნება: ანტიპუტინისტური, დემოკრატიული შეხედულებების მქონე რუსებს შესვლა ეკრძალებათ. ყველაფერი გასაგები იქნება და არცერთი ჩვენგანი არ დახარჯავს ფულს ბილეთებზე“, -წერს „დოჟდის“ წამყვანი ანა მონგაიტი თავის ტელეგრამაში.
საქართველოში გახშირდა ქვეყანაში შესვლაზე უარის შემთხვევები ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ. 2023 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს რუსული კრიზისცენტრის, Насилию.нет-ის დამფუძნებელს, „უცხოეთის აგენტს“, ანა რივინას, მწერალსა და ჟურნალიტს, ფილიპ დზიადკოს, ადვოკატებს, მაქსიმ ოლენიჩევს, ივან საფრონოვს, დმიტრი კატჩევს და ბევრ სხვას. უფრო ადრე საქართველოში არ შეუშვეს რუსი ოპოზიციონერები ლიუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი, ჟურნალისტები ილია აზარი, დავიდ ფრენკელი, მიხაილ ფიშმანი, ალექსეი პონომარევი, Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა (მან ბოლოს ქვეყანაში დაბრუნება მოახერხა), ჟურნალისტი და ქველმოქმედი მიტია ალეშკოვსკი და სხვები.