პარლამენტთან ევროკავშირის დროშა პოლიციელებმა დააბრუნეს

პარლამენტთან ევროკავშირის დროშა პოლიციელებმა დააბრუნეს. 14 მარტი, 2023 წელი

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.

ევროკავშირის დროშა ადგილზე სტუდენტებმაც მიიტანეს. 14 მარტი, 2023 წელი

დღეს, 14 მარტს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

მანამდე იქ აქცია გამართეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" წარმომადგენლებმა. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.

შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ალტ-ინფოს" აქციაზე არავინ დაუკავებიათ.

ამის შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა, ასევე დემონსტრაციულად, უკან დააბრუნა, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ერთი პუნქტი დაემატა.

კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.

ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა, ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.