გერმანიის ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის წევრმა უკრაინელ ჯარისკაცს სცემა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში სასტუმრო Roomers-ის დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცს, რომელიც ომში მიღებული ჭრილობების შემდეგ გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსს გადის. ამის შესახებ ფრანკფურტში უკრაინის გენერალური კონსულის, ვადიმ კოსტიუკის მიერ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ კომენტარს „კავკაზ რეალიიმ“ მიაქცია ყურადღება.

კოსტიუკის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ჯარისკაცმა სასტუმროს ბარში შესვლა გადაწყვიტა. მისი ჩაცმულობის ე.წ. დრესკოდთან შეუსაბამობის შესახებ სასტუმროს თანამშრომლებისა და უსაფრთხოების წარმომადგენლების რამდენიმე შენიშვნის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც სამხედრო მოსამსახურის ცემაში გადაიზარდა. შედეგად, ყბის მოტეხილობით და ტვინის შერყევით ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამშაბათს მას ოპერაცია ჩაუტარდება. უკრაინის კონსულმა აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიცია უკვე ინფორმირებულია, თავად კი დაზარალებულს სარჩელის შეტანასა და ადვოკატის მოძიებაში დაეხმარება.

როგორც „კავკაზ რეალიი“ აღნიშნავს ასოციაცია „ფრანკფურტში უკრაინის სათვისტომოზე“ დაყრდნობით, ჯარისკაცის ცემაში მონაწილე სასტუმროს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის მკვიდრია. მაგრამ ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურება. ასევე ურთიერთგამომრიცხავია კონფლიქტის მიზეზებზე გავრცელებული ინფორმაციაც.