ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

თვითმხილველის თქმით, სანაპიროზე ჯაჭვებით მიმაგრებული ბატუტი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მოწყვიტა.

პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ბათუმის ბულვარში განთავსებულ იმ ბატუტზე, რომელსაც წუხელ ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე ნახეთ დაიღუპა 9 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ყოფნის დროს დაშავდა

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული... ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო", - წერია განცხადებაში.

9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. მძიმეა მისი 3 წლის ძმის მდგომარეობაც. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული. ძმები წუხელ დაშავდნენ - ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.