მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი აკრიტიკებს ე.წ. აგენტების კანონპროექტს და მის მხარდამჭერებს. ყოფიანი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ იმით გაიცნო, რომ საერთაშორისო დავებში ივანიშვილის უფლებადამცველია და მედიას მის მოსაზრებებს აცნობს.
ვიქტორ ყოფიანთან ინტერვიუ "რადიო იმედის" ეთერში 10 მარტს გავიდა, როცა მმართველ პარტიას უკვე ნათქვამი ჰქონდა უარი ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე.
"ეს კანონპროექტი, ალბათ, იქცა მორიგ ჯერზე ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, თუ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რამდენად აქვს გაცნობიერებული, იმის მიუხედავად, თუ რომელ მხარეს იმყოფება, რამდენად აქვს გაცნობიერებული, რა არის ქვეყნის ინტერესები და როგორ არ უნდა აურიო ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებს.
რომ არა ეს კანონპროექტი, იქნებოდა სხვა თემა, ისე, როგორც წარსულში ჩვენ გვიხილავს, ყოველთვის გაგვჭირვებია ხოლმე დაგვეცა ის სწორი სტანდარტი, ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ არეულიყო", - თქვა ვიქტორ ყოფიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ და მოსალოდნელი იყო ეს რეაქცია.
"სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები", - ამბობს ის.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე არ იყო შესწავლილი მისი მიღების მიზანშეწონილობის საკითხი - რა სიკეთის მომტანი იქნებოდა კანონი ან რა სავარაუდო ზიანს მიიღებდა ქვეყანა.
"რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება?!. თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.
ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ვეთანხმები ბატონ გიორგის [კახიანს], ეს უკეთ უნდა აეხსნათ", - თქვა მან.
ასევე ნახეთ კახიანმა ახსნა, რატომ მიიჩნევს შეცდომად „აგენტების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული. ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.