სად იპოვა რიცხვი 100? წყარო მაინტერესებს - კრამონი ღარიბაშვილის ბრალდებაზე

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება 100 ევროპარლამენტარის "კორუფციულ სკანდალში" გახვევაზე.

"საკმაოდ საინტერესოა, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტების ჯგუფიდან არის, რაც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მას ჩვენზე უკეთ სცოდნია. წყარო მაინტერესებს, თუ შეიძლება", - წერს კრამონი ტვიტერის გვერდზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ "ევროპარლამენტმა ჯობია, თავის თავს მიხედოს".

"100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი, ვინ რას ადარებდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

ასევე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.