უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა სამხედროს ვინაობა დახვრეტის ამსახველი ვიდეოდან

კადრი ვიდეოდან, უკრაინელი სამხედრო სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ დადგენილია იმ უკრაინელი სამხედროს ვინაობა, რომლის სავარაუდო დახვრეტის ამსახველი კადრებიც მარტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც ავტომატის ჯერს ესვრიან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კაცი ჩერნიგოვის რაიონის ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი ალექსანდრ მაციევსკი იყო. „გმირის მონაცემების საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი გახდა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, რომელიც მოიცავდა კომუნიკაციას დაღუპულის ნათესავებთან და თანამებრძოლებთან, ასევე ფოტო და ვიდეო მასალების დამუშავებას”, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ალექსანდრ მაციევსკი სამხედრო სამსახურში მარტში გამოიძახეს. დეკემბრის ბოლოდან კიევი მას დაკარგულად მიიჩნევდა დონეცკის ოლქის სოფელ კრასნაია გორას მიმდებარე ტერიტორიიდან. უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ის 30 დეკემბერს დახვრიტეს. თებერვალში მისი ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ მაციევსკის გმირის წოდება მიანიჭა. "ჯარისკაცი. ადამიანი, რომელიც ყველა უკრაინელს ეცოდინება. ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდება ყველას. მისი გამბედაობისთვის, უკრაინისადმი ნდობისთვის - და მისი "დიდება უკრაინისთვის!" - ციტირებს ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვის ტექსტს BBC-ის რუსული სამსახური.

6 მარტს სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეო გამოჩნდა. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა.

რუსეთს ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თავდაპირველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეოში ტიმოფეი შადურა ჩანდა, კონსტანტინ ოსტროჟსკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი. 9 მარტს ტერიტორიული თავდაცვის სარდლობამ კი გამოაცხადა, რომ ვიდეოში 119-ე ცალკეული ბრიგადის მებრძოლი ალექსანდრ მაციევსკია.