შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება აქციაზე დაკავებულთა მიმართ! - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.

2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

მიმართავენ პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვენ უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
  • „ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” „
  • „ ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center „
  • „Women's Initiatives Supporting Group“
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative“
  • „სამართლიანი არჩევნები (ISFED)“
  • „Rights Georgia / უფლებები საქართველო“
  • „ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation“
  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო.

ამ პროცესს მოჰყვა რამდენიმედღიაანი მაშტაბური აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია.