უკრაინელებმა ბახმუტში „ვაგნერელთა“ ერთი ჯგუფი გაანადგურეს

ბახმუტი, უკრაინა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბახმუტის ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინელი მესაზღვრეების სახმელეთო სადაზვერვო ჯგუფი შეტევაზე გადავიდა და დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები გაანადგურა.

უკრაინული გამოცემის, "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მათმა ქვედანაყოფმა პოზიციური ბრძოლა გამართა მტრის ძალებთან ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს მიდამოებთან.

„მესაზღვრე სნაიპერებმა ექვსი დამპყრობელი გაანეიტრალეს“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

წინადღით უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.

11 მარტის ცნობებით, რუსეთის ძალებმა წინსვლას მიაღწიეს ფრონტზე ბახმუტში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მრავალთვიანი კამპანიის მთავარი სამიზნეა.

AP-ის თანახმად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ით ბოლო ცნობაში განაცხადა, რომ კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" დაიპყრო აღმოსავლეთ ბახმუტის უმეტესი ნაწილი, ხოლო მდინარე, რომელიც ქალაქის ცენტრში მიედინება, ახლა ფრონტის ხაზს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ცნობაშია ნათქვამი, "ვაგნერის" ძალებისთვის "უაღრესად რთული" იქნება წინსვლა, რადგან უკრაინამ გაანადგურა საკვანძო ხიდები მდინარეზე, ხოლო უფრო დასავლეთით, უკრაინელი სნაიპერების ცეცხლმა გამაგრებული შენობებიდან, ცენტრში არსებული ღია თხელი ზოლი "სასიკვდილო ზონად" აქცია.

დონეცკის რეგიონი, სადაც მდებარეობს ბახმუტი, ბოლო თვეების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი იყო, ხოლო ხერსონის რეგიონის უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ არეალებს ყოველდღე ბომბავენ დნეპრის გასწვრივ განლაგებული რუსული ჯარები.

ასევე ნახეთ ბრიტანეთი იტყობინება, რომ ბახმუტში რუსების იერიშს შესაძლოა, დიდი დანაკარგები მოჰყვეს