NGO-ები ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობას აჩერებენ

საქართველოს პარლამენტი.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და აჩერებენ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით.

„2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელთანაც არსებობს საკონსულტაციო ჯგუფი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების შემადგენლობით.

ჩვენ წლების განმავლობაში, კანონმდებლებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ვმუშაობდით და მხარს ვუჭერდით რეფორმებს, რომლებიც მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს. რეფორმები განხორციელდა საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას. დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდეგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ სამი მოწვევის პარლამენტარებთან მუშაობა.

„მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ პარლამენტთან, მხარს უჭერდნენ და ფინანსურ დახმარებას უწევდნენ საპარლამენტო რეფორმების განხორციელებას, საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც იყო რუსეთში არსებული კანონის ანალოგი", - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს, რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.

„ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ასევე ნახეთ პარლამენტმა "აგენტების" კანონპროექტი ჩააგდო

10 მარტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 წინააღმდეგი იყო.

9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.