ლიეტუვაში ციხიდან გათავისუფლდა ყოფილი საბჭოთა სამხედრო, იური მელი, 1991 წლის ვილნიუსის მოვლენების მონაწილე

იური მელი ლიეტუვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

ლიეტუვის ციხიდან გაათავისუფლეს ყოფილი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე, იური მელი, რომელიც 1991 წლის იანვარში ვილნიუსში მომხდარი შეტაკებების საქმეზე იყო მსჯავრდებული და სასჯელს 2014 წლიდან იხდიდა.

მელი უკვე დაბრუნდა რუსეთში. "გათავისუფლების დღეს რუსმა დიპლომატებმა მელი საზღვრამდე გააცილეს. გულწრფელად მოხარული ვართ, რომ იური ნიკოლაევიჩი სამშობლოში დაბრუნდა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

2019 წელს ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ მელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა " ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვარს განვითარებული მოვლენების დროს ლიეტუვის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულების ბრალდების“ მუხლებით. ორი წლის შემდეგ, მისი სასჯელი გამკაცრდა და სასჯელს სამი წელი დაემატა. მსჯავრდებულმა მელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის შედეგადაც მას სასჯელი ერთი წლით შეუმსუბუქეს.

იური მელი დააკავეს 2014 წლის მარტში, როდესაც ის ლიეტევაში კალინინგრადის რეგიონიდან ჩავიდა. მას შემდეგ ის პატიმრობაში იმყოფებოდა.

1991 წლის 11 იანვრიდან 13 იანვრამდე პერიოდში ვილნიუსში მოხდა შეტაკებები ლიტვის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და საბჭოთა სამხედროებს შორის. 13 იანვრის ღამეს საბჭოთა ჯავშანტექნიკის კოლონა ვილნიუსის ცენტრისკენ დაიძრა. გამომძიებლების თქმით, იური მელი ერთ-ერთ ტანკში იმყოფებოდა. იმავე დღეს საბჭოთა მედესანტეები შეიჭრნენ სატელევიზიო ცენტრში, დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო კიდევ 600 დაშავდა.

მელთან ერთად ლიეტუვაში რუსეთის 500-ზე მეტი მოქალაქე გაასამართლეს. მათი უმეტესობა დაუსწრებლად გაასამართლეს.