ბადრი ესებუას სუნის ნიმუში ემთხვევა საქმეში არსებულ ნიმუშებს - პროკურორი

ბადრი ესებუას სასა,ართლო პროცესზე. ზუგდიდის რაიონული სასამართლო, 10 მარტი, 2023 წელი

10 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა განაგრძო.

სასამართლოში 6 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ თავდასხმისას ბანკში მყოფი დაზარალებული მომხმარებლები, „საქართველოს ბანკის“, პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

მოწმეების გამოკითხვამდე მხარეებმა იკამათეს პროკურორების შუამდგომლობაზე სასამართლოს მიეღო ახლადმოპოვებული მტკიცებულებები.

საუბარია ოდოროლოგიური (სუნის) კვლევის შედეგზე, რომელიც ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ აუღეს.

პროკურორმა მირანდა წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბადრი ესებუას სუნის ნიმუში ემთხვევა საქმეში არსებულ ანალოგიურ მასალებს, რომლებიც შეაგროვეს უშუალოდ „საქართველოს ბანკსა“ და ორ ავტომანქანაში. ერთი, რომლითაც მივიდა თავდამსხმელი ბანკამდე და მეორე, რომლითაც მძევლების თანხლებით დატოვა შემთხვევის ადგილი.

მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ადვოკატ იოსებ ჯანაშიას პროტესტის მიუხედავად.

ესებუას ინტერესების დამცველი აცხადებდა, რომ ბრალდებულისგან სუნის ნიმუში შსს-ს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ისე აიღო, რომ დაცვის მხარის წარმომადგენელი არ დასწრებია, რაც დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის პასუხი ფალსიფიცირებულია: „პრაქტიკულად ერთ დღეში მოხდა ექსპერტიზის ჩატარება და მეორე დღეს იყო პასუხი. ჩვენ არ მოგვეცა ჩვენი წარმომადგენლის ჩართვის შესაძლებლობა… სხვა ექსპერტიზას ჩვენ ვერ ჩავამატებთ და ამას უნდა ვენდოთ, რომელსაც არც ერთვის პროცედურის ამსახველი ვიდეო ფირი… მიგვაჩნია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული და არ უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებ მტკიცებულებად”.

ბადრი ესებუას პროცესი. ზუგდიდის რაიონული სასამართლო.

რაც შეეხება მოწმეების ჩვენებებს, დაზარალებულმა ზოია ქირიამ, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკში” ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, როცა იქ შეიარაღებული პირი შეიჭრა, თითქმის იგივე უამბო სასამართლოს, რაც სხვა, მანამდე გამოკითხულმა მოწმეებმა. დაადასტურა, რომ სამხედრო ფორმიანმა, შეიარაღებულმა ადამიანმა ბანკში მძევლები აიყვანა და მათი განთავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა.

დაზარალებულმა ასევე თქვა, რომ რადგანაც თავდამსხმელს საგულდაგულოდ ჰქონდა დაფარული სახე, მის ამოცნობას ვერ შეძლებს.

სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა, „საქართველოს ბანკის” პრობლემური სესხების დეპარტამენტის რეგიონული მენეჯერი, ლევან ჯოჯუა. მან სასამართლოს უთხრა, რომ ბადრი ესებუა, იყო „საქართველოს ბანკის” მომხმარებელი - 2016 წელს ჰქონდა სამომხმარებლო სესხი აღებული. მოწმემ გაიხსენა, რომ ბადრი ესებუას ტელეფონით ესაუბრა, რადგან მისმა ყოფილმა კლიენტმა გადასახადის გადახდის ვადას გადააცილა.

„ადამიანი ვინც ტელეფონზე მესაუბრებოდა, გამეცნო, როგორც ბადრი ესებუა… მითხრა, რომ სურდა სესხის ეტაპობრივად გადახდა, დაკორექტირება”, - განმარტა მოწმემ.

ლევან ჯოჯუას ინფორმაციით, ვინაიდან ბანკის თანამშრომლების მომხმარებლებთან საუბრები იწერება, მის ტელეფონში ინახებოდა ესებუასთან გასაუბრების ჩანაწერიც. ამიტომაც მოგვიანებით, თავდასხმის შემდეგ, როცა გამოძიება დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ბრალდებულ ესებუას სასესხო ვალდებულება, გამოკითხეს თავად ლევან ჯოჯუა და შეისწავლეს მისი სატელეფონო მიმოწერაც.

დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მედეა მოსია, და ექთანი ირინე გაბისკირია. ისინი 2020 წლის 21 ოქტომბერს, საღამოს, გამოძახებით იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში [ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლში].

მოწმეების თქმით, თავს ცუდად გრძნობდა ტარიელ ესებუა [ბრალდებულის მამა], რომელსაც აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება და მალევე დატოვეს სახლი. მოწმეების განმარტებით, ადგილზე დახვდათ მწოლიარე პაციენტი და მისი მეუღლე.

წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს დეტექტივის, ირაკლი ფიფიას თქმით, შეესწრო „საქართველოს ბანკიდან” რამდენიმე მძევლის თანხლებით თავდამსხმელის მიერ შენობის დატოვების ეპიზოდს.

მოწმის თქმით, ის კიდევ რამდენიმე პოლიციელთან ერთად უკან აედევნა ავტომანქანას, სადაც „ბოროტმოქმედი მძევლებთან ერთად იმყოფებოდა“. როგორც ირაკლი ფიფიამ აღნიშნა, ავტომობილი წალენჯიხის მიმართულებით მოძრაობდა. მან აღწერა, ცოტა ხანში როგორ შენიშნეს, რომ მანქანა სოფელ სქურში გაჩერდა და თავდამსხმელი მძევლებთან ერთად გადმოვიდა. როცა მან [თავდამსხმელმა] პოლიციის ადევნებული მანქანები შენიშნა, რამდენჯერმე გაისროლა.

ირაკლი ფიფიას თქმით, შემდეგ ავტომანქანა ისევ დაიძრა და ცოტა ხანში შეიტყვეს, რომ თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციამ შეისწავლა უბნები, სადაც შეიარაღებული პირი მძევლებთან ერთად მოძრაობდა.

10 მარტის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ზურაბ ჭოჭოუაც. ის „საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმის ერთ-ერთი გამომძიებელია. მან თქვა, რომ გამოძიებამ შეისწავლა ზუგდიდიელი დავით მატუას ავტომანქანა, რომლითაც შეიარაღებული პირი მან ბანკში მიიყვანა. როგორც შსს-ს თანამშრომელმა აღნიშნა, ექსპერტებმა მანქანაში შეაგროვეს სხვადასხვა ტიპის ნიმუშები.

სხდომას დარბაზში ესწრებოდა ბრალდებული, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია, განსხვავებით 7 მარტის პროცესისგან, როდესაც მოწმის სახით გამოკითხული ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენებას ტყუილი უწოდა. ის ბრალს არ აღიარებს.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 13 მარტს დაინიშნა. პროკურატურა აცხადებს, რომ კიდევ ათეულობით მოწმეა გამოსაკითხი.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში, დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა. ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. მოგვიანებით კი ჩხოროწყუს მიმდებარედ სიბნელეში გაუჩინარდა.