საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც "აგენტების კანონის" პირველი მოსმენით მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაამტკიცა პარლამენტმა, ამ დოკუმენტის ჩაგდებას "ფეისბუკში" ეხმაურება.
"აგენტების შესახებ კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში. საქართველოს მომავალი ევროპაშია და არსად სხვაგან", - წერს ლევან იოსელიანი.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად 7 მარტს აირჩია პარლამენტმა. მას მხარი ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმაც დაუჭირა მხარი. ამავე დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს "ხალხის ძალის" კანონპროექტი, ე.წ. აგენტების კანონი.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია - ის მადლობას უხდის ქალებს7 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა.
ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული.ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით დღეს, 10 მარტს ჩააგდო.