დავით ქაცარავა ამბობს, რომ მის ცოლ-შვილს "ალტ-ინფოს" წევრები დაესხნენ თავს

დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მანქანას, რომელშიც მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ, 9 მარტის ღამეს თავს დაესხნენ "ალტ-ინფოს" წევრები. ფეისბუკის ლაივჩართვაში, რომელიც მან თავდასხმის შემდეგ ჩაწერა, ჩანს მძღოლის კარის მოტეხილი სახელური. ქაცარავა ამბობს, რომ დაზიანებულია მანქანის შუშებიც.

"თავდასხმა მოხდა სააკაძის მოედანთან, სადაც არის "ალტ-ინფოს" მთავარი ოფისი. იქ ასხამს ხოლმე ჩემი მეუღლე საწვავს მანქანაში. რამდენიმე დღის წინ, როცა ოფისთან გაიარა, დაუსიგნალა და ფეისბუკზე დაწერა, რომ ყოველთვის ასე მოიქცეოდა მათი ოფისის წინ გავლისას. ამას მოჰყვა გარჩევა "ალტ-ინფოს" ჯგუფებში, რომ ამისთვის პასუხს მიიღებდა ჩემი ცოლი. როგორც ჩანს, ჩასაფრებულები იყვნენ. მანქანაში იჯდა ჩემი 13 წლის შვილი, მძღოლის გვერდით. ისინი ამას ხედავდნენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ქაცარავამ 10 მარტის დილას.

ქაცარავას თქმით, მისმა მეუღლემ მომხდარ ფაქტზე მალევე მიმართა სამართალდამცველებს და უკვე ჩატარებულია ავტომობილის ექსპერტიზა. ჩვენ ვეცადეთ შინაგან საქმესთან სამინისტროსგან გაგვეგო, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ამ კითხვაზე პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.