საქართველოს, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის მეგობრობის იმედი - მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტვიტერით ეხმაურება საქართველოში ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას და წერს, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის მეგობრობის იმედი:

“გაგონილ იქნა დემოკრატიული ღირებულებებისთვის, მედიის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლებისთვის ქართველების ერთგულება. საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, - წერს ის.

საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

10 მარტს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხვალ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება".

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.