ნავალნის თანამებრძოლმა, ვოლკოვმა შეაჩერა საზოგადოებრივი საქმიანობა ევროკავშირისთვის მიწერილი წერილის გამო დაპირისპირების ფონზე

ლეონიდ ვოლკოვი, საპატიმროში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ინტერვიუს მიცემისას ვილნიუსში. 5 სექტემბერი, 2022 წელი

ლეონიდ ვოლკოვი, საპატიმროში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მთავარი თანამებრძოლი, ამბობს, რომ აჩერებს თავის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ამის მიზეზი ისაა, რომ მან ადრე უარყო, რომ ხელი მოაწერა წერილს, რომლის ავტორები მოითხოვდნენ ლონდონში მცხოვრები ზოგიერთი რუსი ოლიგარქისთვის ევროპის კავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ იცრუა.

ვოლკოვმა, ნავალნის საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის (MFBK) თავმჯდომარემ, 9 მარტს Telegram-ზე დაწერა, რომ ამ ნაბიჯს დგამს მას შემდეგ, რაც დაუშვა "დიდი პოლიტიკური შეცდომა" გასულ წელს ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილზე ხელმოწერით, რომლითაც ითხოვდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო რუსი ბიზნესმენების, მიხაილ ფრიდმანის, პიოტრ ავენის, გერმან ხანისა და ალექსეი კუზმიჩოვისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.

"უფრო მეტიც, [წერილზე ხელმოწერით], მე ბოროტად გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება, რადგან ხელი მოვაწერე არა როგორც კერძო პირმა, არამედ როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ამის შესახებ ჩემი კოლეგებისთვის არ მიცნობებია", - ნათქვამია ვოლკოვის განცხადებაში Telegram-ზე.

მან დოკუმენტები ინტერნეტშიც გამოაქვეყნა. ეს ოთხი ბიზნესმენი ომის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევა. მათ თავიანთი წვლილიც შეიტანეს უკრაინისთვის დახმარებასა და ჰუმანიტარულ მიზნებში, თუმცა, ამასთან, ღიად და ცხადად არ დაუგმიათ კრემლის ომი, რადგან ზოგიერთების თქმით, რუსეთში თავიანთი ბიზნესების გამო შიში აქვთ.

ნავალნის, რომელიც ამჟამად კოლონიაში იხდის სასჯელს, ვოლკოვის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ვოლკოვმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის ერთ-ერთ (დაუზუსტებელ) ქვეყანაში ცხოვრობს, ბოდიში მოუხადა ასევე თავის კოლეგებს საერთაშორისო ანტიკორუფციულ ფონდში და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში განიხილავს მათთან თანამშრომლობის შესაძლო განახლებას.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ალექსეი ვენედიქტოვმა - რომელიც რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მედიასაშუალებას, "ეხო მოსკვის" ხელმძღვანელობდა მანამ, სანამ 2022 წლის მარტში არ მოხსნეს მაუწყებლობიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გაშუქების გამო დამოუკიდებელ მედიაზე რუსეთის თავდასხმის დროს - გამოაქვეყნა წერილი ბორელის მისამართით. ვენედიქტოვმა გამოაქვეყნა მეორე წერილიც, რომელსაც ასევე ვოლკოვი და სხვებიც აწერდნენ ხელს და ევროპის კომისიისგან რუს ბიზნესმენებზე დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვდნენ.

ვოლკოვმა თავდაპირველად უარყო წერილზე ხელმოწერა და ამტკიცებდა, რომ იგი გაყალბებული იყო, თუმცა ახლა აღიარებს, რომ ორივე წერილს მოაწერა ხელი.

ვენედიქტოვის გადაწყვეტილება წერილების გამოქვეყნების შესახებ, როგორც ჩანს, შურისძიებაა ნავალნის ჯგუფის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშზე, რომელშიც ვენედიქტოვი დასახელებული იყო კრემლის მომხრე იმ ჟურნალისტებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვანი თანხები მიიღეს მოსკოვის მერისგან, სერგეი სობიანინისგან. ვენედიქტოვმა აღიარა, რომ მისმა კომპანიამ, "განათლება -21-ე საუკუნემ", მართლაც მიიღო ფული მოსკოვის მერიისგან იმ პროექტისთვის, რომელიც შეჩერებული იქნა მაშინვე მას მერე, რაც იუსტიციის სამინისტრომ ვენედიქტოვი "უცხოეთის აგენტად" შერაცხა.