შსს: 7 და 8 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია

ფოტო აქციიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოება გრძელდება.

"დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე", - წერია განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

"ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო.

კანონპროექტის მიღების პროცესში პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. პროტესტი გაგრძელდა მეორე დღესაც. ჯამში დააკავეს 133 ადამიანი, მათგან ერთი - სისხლის სამართლის კოდექსით.

მმართველმა პარტიამ დღეს, 9 მარტს, დილით, განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უარს ამბობდნენ ამ კანონპროექტის მიღებაზე.