კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლს არ აქვს არანაირი კავშირი საქართველოში ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვასთან, რომელმაც ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
„კრემლის მიერ შთაგონებული არაფერი ყოფილა, აქ კრემლი აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, - აცხადებს ის.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი იტყობინება, ამ კომენტარით პესკოვი ეხმაურება აშშ-ის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი კრემლის მიერაა შთაგონებული.
პესკოვის თქმით, ამ ტიპის კანონების „ფუძემდებელი“ ამერიკაა:
„მეტიც, ერთ-ერთი კანონპროექტი, თუკი სწორად გვესმის, ძალიან ჰგავდა ანალოგიურ ამერიკულ კანონს. მეორე ვარიანტი, რომელიც ნაკლებადაა მიმსგავსებული ამერიკულს, თავისი შინაარსით გაცილებით მსუბუქი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ერთ და არც მეორე კანონპროექტთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“.
მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო კრემლში აღელვებული არიან, რადგან რუსეთის ფედერაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის საზღვრის პერიმეტრზე სიმშვიდე იყოს:
„რაც არ უნდა იყოს, ის ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოსთან არ გვაქვს ურთიერთობები, იქ მიმდინარე მოვლენები ჩვენს აღელვებას იწვევს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე“, - ამბობს პესკოვი.
ის მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, მიმდინარე მოვლენების ფონზე სიფრთხილე გამოიჩინონ.
ასევე ნახეთ ქართული კანონი "უცხოეთის აგენტებზე" რუსულია და აი, რატომსაქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
- უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.