ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ელაპარაკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
შოლე ტვიტერზე წერს, რომ ღარიბაშვილს ესაუბრა საპროტესტო აქციებზე და „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და აქციების მონაწილეთა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მის პრესსამსახურს დერეკ შოლესთან საუბრის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
თბილისში საპროტესტო გამოსვლებია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამო. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას ასახელებს.
- 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა და ათეულობით დემონსტრანტი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამომწვევი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მოძრაობიდან "ხალხის ძალა". მათი ორი კანონპროექტიდან პირველია ერთი მოსმენით უკვე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც მაშინვე შეფასდა, როგორც რუსული. მას მოჰყვა მეორე კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ, რომელსაც ინიციატორები ამერიკულის ანალოგს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ალტერნატივა "სპეკულაციების" აღსაკვეთად მოამზადეს. 8 მარტს ეს კანონპროექტები პარლამენტმა შესაფასებლად გაუგზავნა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას.
ასევე ნახეთ ქართული კანონი "უცხოეთის აგენტებზე" რუსულია და აი, რატომსაქართველოს ხელისუფლებას ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე უარისკენ არაერთხელ მოუწოდეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მისი წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითეს, რომ ამ კანონის მიღება შემდგომ ურთიერთობებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. საქართველო წლის ბოლოსთვის ელოდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ასევე ნახეთ ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მასშტაბური პროტესტი - რა ვერ გათვალა "ოცნებამ"?დღეს, 9 მარტს ოპოზიციური პარტიების ერთობას და საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს დანიშნული აქვთ საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის 3-პუნქტიანი გეგმა უნდა წარმოადგინონ.