საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის. ასე ეხმაურება საპატრიარქო თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
ასევე ნახეთ სპეცრაზმი აქციას შლის - ხალხი თავს აფარებს ეროვნულ გალერეას, მეტროს, ქაშვეთის ეკლესიას და პარალელურ ქუჩებსპრესსამსახური აკრიტიკებს იმ ადამიანებს, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებს, რომლებიც "პოლარიზების გაღვივებას" უწყობენ ხელს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის გასაპროტესტებლადაც რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობასთან აქციები იმართება.
"მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან.
სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული "სიმპათიები" თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა", - წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ეკლესია "ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგეა" და "გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის".
"ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე ნახეთ ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მასშტაბური პროტესტი - რა ვერ გათვალა "ოცნებამ"?ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერაა ინიციირებული. ამ დოკუმენტებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს კანონპროექტები მიუღებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.
ე.წ. აგენტების შესახებ 2 კანონპროექტიდან ერთი - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ დრომდე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
7 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა.