ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით

რეზო ბოჭორიშვილი ნატოს და საქართველოს დროშებით საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციაზე. 6 ივლისი, 2019 წელი

ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით - ამის შესახებ დღეს, 8 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ.

"საქართველოსთვის, რომელიც ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს", - წერს კოლომინა.

გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

ასევე ნახეთ სია - ვინ დაუჭირა მხარი „აგენტების" პროექტს და ვინ შეიკავა თავი „ქართული ოცნებიდან"

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

ასევე ნახეთ ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მასშტაბური პროტესტი - რა ვერ გათვალა "ოცნებამ"?