წელს რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია 70 წლის გახდა. ჩვენი პირველი გადაცემა 1953 წლის 3 მარტს გავიდა ეთერში. ეს კერძო ამერიკული მედიაკორპორაცია, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, შეიქმნა როგორც საბჭოთა პროპაგანდის საპირწონე და მას მერე მისი მიზანი იყო, საბჭოთა ბლოკში მცხოვრები ადამიანებისთვის მათივე ცხოვრების შესახებ მიეწოდებინა სიმართლე, მოეთხრო იმაზე, რასაც კომუნისტური რეჟიმები უმალავდნენ ხალხს. საბჭოთა ბლოკის დამხობის შემდეგ მან უკვე თავისუფლად დაიწყო მუშაობა, მათ შორის საქართველოშიც. თუ როგორ მუშაობს ეს მედიაორგანიზაცია ციფრულ ეპოქაში, იოლად მოსაძიებელია რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში. მაგრამ 70 წლისთავთან დაკავშირებით გვინდა გაგაცნოთ მასალები რადიო თავისუფლების არსებობის პირველი ათწლეულებიდან. აუდიოარქივი მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, თემასა და ჟანრს. დროთა განმავლობაში თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება რადიო თავისუფლების აუდიოარქივის უდიდესი ნაწილი, რომელიც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე აიტვირთება.
რადიო თავისუფლება 70: 1956 წ. 9 მარტის მოვლენებისადმი მიძღვნილი გადაცემა (არქივიდან)
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების არქივში დაცული ეს გადაცემა ეძღვნება 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს, როცა საბჭოთა უშიშროების ძალებმა თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. პროგრამის ეთერში გასვლის თარიღი უცნობია. მასში მონაწილეობენ კარლო ინასარიძე და გულნარა პატარიძე.