საქართველოს ახალარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მორიგი განცხადებით ეხმაურება თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას. იოსელიანი აცხადებს, რომ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.
„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას; ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.
7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს", - ვკითხულობთ ლევან იოსელიანის განცხადებაში.
პარლამენტთან მისულ ახალარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს და წყალი გადაასხეს.
მათი გაღიზიანება გამოიწვია ლევან იოსელიანის პასუხებმა ჟურნალისტების კითხვაზე, გამოიყენა თუ არა პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალა.
ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარლამენტთან ის იმისთვის მივიდა, რომ შეაფასოს, გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა:
"სახალხო დამცველის ოფისი ამ ყველაფერზე გააკეთებს შეფასებას", - თქვა მან.
აქციის მონაწილეები ლევან იოსელიანს სთხოვდნენ, უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად შეეფასებინა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები.
სანამ სახალხო დამცველი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციელების დახმარებით დატოვებდა, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"ვაპირებ ვიყო იმ ადამიანების სახალხო დამცველიც, ვინც წყალი გადამასხა და კვერცხი მესროლა. ველოდი, რომ ვიღაცას არ მოვწონდი და ჩემს მიმართ აგრესია ექნებოდა, მაგრამ მთლად ასეთს არ ველოდი".
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია მათი რაოდენობა. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. "წიწაკის სპრეი".
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი. მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.
ვრცელდება კადრებიც, რომლებშიც ჩანს, როგორც ასხამენ აქციის მონაწილეებს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები "წიწაკის სპრეის" სახეში.
ასევე ნახეთ "თვალებს ვერ ვახელ" - ათობით დემონსტრანტია დაშავებული პარლამენტთან აქციის დაშლისასპარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე 7 მარტს აირჩია.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას
ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, სახალხო დამცველის შერჩევის მრავალთვიანი პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომლებსაც დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე კითხვებს უსვამდნენ და მათ პოზიციებს უსმენდნენ. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.