ყაველაშვილის შეფასებით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე “ამჩატდნენ”

მიხეილ ყაველაშვილი

დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" სახელით მოხვდა და დღეს "ხალხის ძალას" წარმოადგენს, ამბობს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ” "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების შეფასებისას.

ყაველაშვილს ჟურნალისტებმა კითხვები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების, “დინამოსა” და “გაგრის” განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს.

“აქ დაასახელეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, შოთა არველაძე, “გაგრა”, “დინამო”, მზექალა შანიძე “ამჩატდნენ” თუ არა, ყაველაშვილმა უპასუხა:

“არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა, სამწუხაროდ”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, ეს ხალხი ცრუ ინფორმაციის გავლენის ქვეშაა.

დეპუტატმა დღესვე ჟურნალისტებს უსაყვედურა მათი მუშაობის სტილის გამო და უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, როგორ ავრცელებს მედია მის განცხადებებს.

"ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ფეიქზე ჩასაფრებულები არიან, თქვენს სინდისზე იყოს, ჩემს ნათქვამს როგორც აჟღერებთ. თქვენც არც აზრი იცით…აზრი უნდა იცოდეთ, ადამიანი რა აზრითაც საუბრობს, ის უნდა გააჟღეროთ…თქვენ ხართ ჩასაფრებული ადამიანები, ერთი ფრაზა რომ წამოცდებათ ადამიანებს, უნდა გაიქცეთ, მიაწოდოთ თქვენს ტელევიზიებს, ის გააშუქოთ და მერე მთელი საზოგადოება უნდა დარაზმოთ ყაველაშვილის ფრაზაზე. ყაველაშვილი იძახის იმას, რაც გულში აქვს", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ქალ კოლეგებზე საუბრისას სექსისტური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ველურობაა", როგორც ქალი დეპუტატები იქცევიან.

"სამარცხვინო ქალბატონების ქცევა კომიტეტის სხდომაზე მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მით უმეტეს, ქალი. ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა ან ხათუნა სამნიძემ, ან კორძაიამ, ან წითლიძემ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობისაა", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა. ჟურნალისტების კითხვაზე, რას ნიშნავს "მით უმეტეს ქალი", მან განმარტა, რომ "მით უმეტეს ქალი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები ასე არ იქცევიან, როგორც ისინი იქცევიან. თქვენ როგორც გინდათ ისე მიიღეთ".

ასევე ნახეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო