აზერბაიჯანული მედია ყარაბაღში „სომხურ-რუსული კოლონის უკანონო გადაადგილების“ კადრებს ავრცელებს

კადრები, რომლებიც, აზერბაიჯანული მედიის თანახმად, 7 მარტს სტეფანაკერტისკენ „სომხურ-რუსული კოლონის უკანონო გადაადგილებას“ ასახავს

ყარაბაღში მორიგი შეტაკების შემდეგ, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებიც, პროსახელისუფლებო მედიის თანახმად, ასახავს სომხური ტექნიკის რუსი სამშვიდობოების ესკორტით გადაადგილებას.

კადრები 7 მარტს გაავრცელა აზერბაიჯანულმა საიტმა Caliber.az-მა, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უკავშირებენ და რომელიც ხშირად აქვეყნებს სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას.

Caliber-ი წერს, რომ კადრები 7 მარტით თარიღდება და ასახავს „უკანონო სამხედრო კოლონის გადაადგილებას „ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ გრუნტის გზის გამოყენებით.

სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან სტეფანაკერტამდე ძირითადი გზა ლაჩინის დერეფანია, „ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ გრუნტის გზა კი ალტერნატიული გზაა. სწორედ აქ მოხდა 5 მარტს ბოლო დაპირისპირება. აზერბაიჯანმა მოსკოვსა და ერევანს შეახსენა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, „ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“ ნებისმიერი სახის გადაადგილებისათვის დაშვებულია „მხოლოდ ხანქენდი-ლაჩინის გზა“, - ესე იგი, ლაჩინის დერეფანი.

Caliber-ის თანახმად, ახალგავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სომხურ კოლონას, რომელიც ამ გზას „უკანონოდ უვლის გვერდს“, თან ახლავს რუსი სამშვიდობოების კონტინგენტი. უფრო ზუსტად, მათი ვერსიით:

  • რუსი სამშვიდობოების ორი, УАЗ Patriot-ის მარკის ავტომობილი წინ მიუძღვება კოლონას;
  • მათ მოსდევს Ural-ისა და KamAz-ის მარკის გადახურული სატვირთოები, რომლებსაც გადააქვთ წყლის რეზერვუარი;
  • კოლონას ბოლოში მოსდევს ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82A, რომელზეც რუსეთის დროშაა აღმართული;
  • „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კოლონის მიზანია, სომხურ უკანონო სამხედრო ფორმაციას მიაწოდოს საკვები, წყალი და შეიარაღება“, - წერს Caliber-ი.

დაზიანებული ავტომობილი, რომელსაც, სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები დაესხნენ თავს

აზერბაიჯანულ მედიაში აღნიშნული კადრების გავრცელებას წინ უძღოდა სომხური წყაროების მიერ, სავარაუდოდ, 5 მარტის ინციდენტის ამსახველი კადრების გავრცელება, შემდეგ კი რუსეთის სამშვიდობო ძალების განცხადება 6 მარტს.

ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის განცხადების თანახმად, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა, „ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საავტომობილო კოლონა გადაადგილდება გორისი-სტეფანაკერტის მარშრუტით“.

„სავარაუდოდ, ვიხილავთ მორიგ დიპლომატიურ შელაპარაკებას მოსკოვთან“, - დაწერა Caliber-ის მიერ კადრების გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა ფუად შაჰბაზმა ტვიტერზე.

5 მარტის კადრები

5 მარტს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის მისადგომებთან შეიარაღებული ინციდენტის დროს დაიღუპნენ ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიციის სამი ოფიცერი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

სტეფანაკერტისა და ერევნის თანახმად კი УАЗ-ის მარკის მიკროავტობუსი სტეფანაკერტიდან მოდიოდა ყარაბაღის სოფლების, ჰინშენისა (ქიჩიქ-ყალადარასი) და მეცშენისკენ (ბოიუქ-ყალადარასი), და არა სტეფანაკერტისაკენ, როგორც ამას ბაქო ამბობს; მათივე თქმით, სომეხი პოლიციელები შეიარაღებულები არ ყოფილან და წარმოადგენდნენ „არცახის რესპუბლიკის პოლიციის საპასპორტო და ვიზის დეპარტამენტს“. სტეფანაკერტის ვერსია ასეთია:

  • ავტომობილს, რომელსაც ყარაბაღელი პოლიციელები სტეფანაკერტიდან ლისაგორის (აზერბაიჯანული დასახელება - თურშსუ) მიმართულებით გადაჰყავდა, აზერბაიჯანული „დივერსიული ჯგუფი“ დაესხა თავს;
  • 15 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყეში იმალებოდნენ, არცახის ტერიტორიაზე შეიჭრა, რათა თავს დასხმოდნენ ავტომობილს;
  • ავტომობილს, საბოლოოდ, სამი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მიუახლოვდა; მოკლეს სამი სომხური წარმოშობის ყარაბაღელი პოლიციელი;
  • აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს საკუთარი პოზიციებისაკენ უკან დახევა; ამ დროს მათ ცეცხლი გაუხსნეს [ყარაბაღის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა], რა დროსაც „იწვნიეს მსხვერპლი“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად კი, მათ მიიღეს „ოპერატიული ინფორმაცია“, რომ სომხეთის ტერიტორიიდან მთიანი ყარაბაღის მიმართულებით „უკანონო სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და პერსონალი“ გადაადგილდებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „უკანონო სამხედრო ტექნიკა“ ცდილობდა, გვერდი აევლო „ლაჩინის დერეფნისათვის“ - ძირითადი გზისთვის - და ალტერნატიული, გრუნტის გზით („ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ მონაკვეთი) შესულიყო მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქში.

„5 მარტის დილას, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სცადეს უკანონო სამხედრო მარაგის გადამტანი სატვირთო ავტომობილის შეჩერება და შემოწმება. მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ.

ასევე ნახეთ მორიგი დაპირისპირება და კიდევ 5 დაღუპული - რა ხდება ყარაბაღში?