ბელგოროდის რეგიონიდან მობილიზებულებმა უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე

მობილიზებული სამხედროები (საილუსტრაციო ფოტო)

ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის უწყების მიერ მობილიზებულმა რამდენიმე მოქალაქემ უარი თქვა ბრძანებების შესრულებაზე და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „საშტურმო ბრიგადაში“ ჩართეს და წინა ხაზზე შესაბამისი მომზადების გარეშე გაუშვეს.

ამის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა გამოცემამ „ფრთხილად, ახალი ამბებია!“, რომლის თანახმად ," target="_blank">ვიდეო რედაქციას მობილიზებული მოქალაქეების ახლობლებმა გადასცეს.

სამხედროები ჰყვებიან, რომ მათი დანაყოფი თავდაპირველად იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო ქალაქ შებეკინოში, საიდანაც ჯარისკაცები მარტის პირველ რიცხვებში „ყოველგვარი ბრძანებისა და განმარტების“ გარეშე გადაისროლეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ (ასე უწოდებს ოკუპირებული უკრაინის დონეცკის ოლქს რუსეთის ოფიციოზი).

მობილიზებულებს დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციამ“ ჩამოართვა სამხედრო ბილეთები და მოუმზადებლად, ყოველგვარი დაზვერვისა და კომუნიკაციების საშუალებების გარეშე გადაისროლეს სოფლებზე შტურმის განსახორციელებლად. ჩვენმა ოცეულმა უკვე განიცადა ზარალი, - ამის შესახებ სამხედრო მოსამსახურეები ვიდეოში აცხადებენ.

ამავე დროს ისინი აღნიშნავენ, რომ უარს არ ამბობენ თავიანთი ამოცანების შესრულებაზე, მაგრამ მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებას ამ მიმართვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მობილიზებულები რუსეთში პროტესტს აცხადებენ მოუმზადებლად და გაუფრთხილებლად დონბასელი სეპარატისტების სარდლობის ქვეშ ფრონტის ხაზზე გადასროლაზე.