საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები მეორე დღეა აპროტესტებენ "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს "უცხოეთის აგენტების შესახებ." მოქალაქეები ამ კანონპროექტებს დასავლური კურსიდან გადახვევის განაცხადად და სამოქალაქო საზოგადოების დევნის ინსტრუმენტად მიიჩნევენ და მოითხოვენ, პარლამენტმა უარი თქვას მათ განხილვაზე. კანონპროექტები პარლამენტის სამმა კომიტეტმა განიხილა, უმრავლესობა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მათ გატანას 9 მარტის სხდომაზე გეგმავს.
"სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს საქართველოში ბელარუსის და რუსეთის სცენარის განვითარებაზე უარს. ეს თქვენი და თითოეული აქ მყოფი ადამიანის დამსახურებაა. ეს არ არის ბრძოლა ერთი დღის, ერთი ბიუროს ან ერთი სასესიო კვირის - ეს ხანგრძლივი ბრძოლაა და ხელისუფლება სწორედ ამას ცდილობს: დაგვღალოს, დაგვსაქსოს და იპოვოს ჩვენში განმასხვავებელი ნიშნები. მაგრამ ჩვენთვის საერთო არის ჩვენი სამშობლო და ის, რომ არ შევეგუებით რუსულ კანონს. ამიტომ მინდა, ყველა ჩვენგანმა მივცეთ პირობა, პირველ რიგში, ჩვენს თავებს და მერე ჩვენს ახლობლებს, რომ ამ ბრძოლაში არ დავიღლებით", - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რაფიელ კაკაბაძემ.
აქციის პარალელურად პარლამენტში მიმდინარეობს ბიუროს სხდომა. სხდომის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატები ეუბნებიან, რომ ამ კანონპროექტების განხილვა კანონის დარღვევით, მედიის უფლებების შეზღუდვით და დეპუტატებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობა იქცა პოლიტიკის ინსტრუმენტად, საჭიროა, რომ პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება", - თქვა ამ განცხადებების პასუხად შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც კოლეგებს შეახსენა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური მზადაა, მათი უსაფრთხოება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას.
შალვა პაპუაშვილმა ოპონენტი დეპუტატები "ისტერიის დათესვის მცდელობაში", "საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრასა" და "მიუღებელი პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.
"საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან შედარება ნებისმიერ კონტექსტში არის მიუღებელი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მისი რეპლიკა მიემართებოდა იმას, რომ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებს მისი მოწინააღმდეგეები "რუსულ კანონად" მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ რამ შეიძლება შეაჩეროს ე.წ. აგენტების კანონი? - კონსტიტუციონალისტები გაუქმების საფუძვლებს ხედავენსაკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს ფორუმზე გააკრიტიკა.
„ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტი გაეროს ფორუმზეც გააკრიტიკა