პარლამენტში ბიუროს სხდომაზე არ შეუშვეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები პარლამენტის დერეფნებში გადაადგილებას აკონტროლებენ. 7 მარტი, 2023 წელი

პარლამენტში ბიუროს სხდომის პარალელურად ოპოზიციონერ დეპუტატებს დერეფნებში გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ოთხი დეპუტატი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანი წითლიძე და გიორგი ბოტკოველი სხდომაზე არ შეუშვეს. ისინი არ არიან ბიუროს წევრები, თუმცა ამბობენ, რომ როგორც პარლამენტის წევრებს, დასწრების უფლება აქვთ.

ბიუროს დარბაზამდე მისასვლელი ყველა შესაძლო გზა დაცვის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი. მათ შორის, პარლამენტის ამ სივრცეში გათიშულია ლიფტიც.

ბიუროს დარბაზის წინ მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ არც ჟურნალისტებს.

სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა მანდატურის სამსახურს და ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების დროს პარლამენტს დამატებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იცავენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, პარლამენტში არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანა ხუთშაბათს, 9 მარტს, იგეგმება.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.