საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა, ამჯერად, ნიუ-იორკში, სადაც 6 მარტს მიმართა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიას.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და მისი ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი:
„ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის“.
ასევე ნახეთ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავს- საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის კანონპროექტები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელთა ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
- საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
- პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
- ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.
- კანონის მიღების პერსპექტივით შეშფოთებულია ევროკავშირიც, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ინიციატივა შეუთავსებელია მის ფასეულობებთან და პრიორიტეტებთან.
- მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა მოწოდებებისა, უარი თქვან კანონის მიღებაზე, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტებს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ და ამის შემდეგ, შეფასებისთვის გაუგზავნიან ვენეციის კომისიას.
- კანონის მიღების შემთხვევაში, ვეტოს უფლებით სარგებლობას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.