ეს კითხვა კიდევ ერთხელ და მას შემდეგ ხდება აქტუალური, რაც „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ე.წ. ქართული და ამერიკული კანონპროექტები დაარეგისტრირა და რომელთა თანახმადაც, იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროა, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება სავალდებულო იქნება.
„ხალხის ძალის“ ავტორობით შექმნილი კანონპროექტები ინიციირების პირველივე წუთებიდან იქცა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პარტნიორების, დიპლომატების, გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის სამიზნედ.
რას ამბობენ მეგობარი ქვეყნები?
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა განცხადებაში, კანონპროექტებს „შემაშფოთებელს“, უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის „დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას“ მოემსახურება და არის „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელი“.
სწორედ ის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების თაობაზე, რომლებიც წლებია საქართველოში მილიონობით ევროსა და დოლარს ხარჯავენ ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ამ ქვეყნების საპასუხოდ, კანონპროექტების ავტორები დაჟინებით იმეორებენ, რომ კანონპროექტებს არაფერი აქვს საერთო იმ საფრთხეებთან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროინტეგრაციას.
სწორედ ამ, მეგობარი ქვეყნების მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით ახორციელებენ სამთავრობო უწყებები, სამინისტროები თუ მუნიციპალიტეტები იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე, მაგალითად, ჯანდაცვის, განათლებისა თუ სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებისთვის.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბოლო დღეებია კატეგორიულად და ღიად აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“.
მაგალითად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა საქართველოს, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე.
ნორვეგია წლებია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანაა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის პროექტებს გენდერული და ქალთა გაძლიერების შესახებ, მწვანე ენერგიის პროექტებს და სხვა.
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტის იდეა გააკრიტიკა 6 მარტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყნის, გერმანიის წარმომადგენელმა, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა: "ევროკავშირის პოზიცია "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე რჩება: "კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება... საქართველოს ევროკავშირში... მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან". ამას გეუბნებით როგორც მეგობარი".
საგარეო დახმარება - მილიარდობით ლარი საქართველოს ხელისუფლებას
მართალია, ბოლო ორი წლის ანგარიში საქართველოში საგარეო დახმარების შესახებ აღარ გამოქვეყნებულა, თუმცა, თუკი 2020 წლის ანგარიშში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ 2020 წელს, ჯამურად, ქვეყნის საგარეო დახმარებამ 28 მილიარდამდე ლარი შეადგინა. დახმარების 82% სესხებზე მოდის, 13% კი გრანტებსა და გარანტიებზე.
საგარეო დახმარების უდიდესი ნაწილი მრავალმხრივი დახმარებაა. ხოლო ამ დახმარების უმსხვილესი ნაწილი გაცემულია ევროკავშირის ინსტიტუტების (27%), აზიის განვითარების ბანკისა (22,67%) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (10,02%) მიერ.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნები არიან გერმანია, საფრანგეთი, აშშ, შვედეთი, ავსტრია, იაპონია, პოლონეთი, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
ასევე ნახეთ სამანტა პაუერი: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზეეკონომიკური ზრდა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, სოციალური კეთილდღეობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება, ჯანდაცვა, განათლება, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეს იმ სფეროების ჩამონათვალია, სადაც დღეს საგარეო დახმარებით მიღებული ფინანსები იხარჯება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით შექმნილის საიტზე,eAIMS, რომელიც საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტია, თავმოყრილია იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქვეყნის მიერ ფინანსდება ან დაფინანსებულა და რომელსაც ახორციელებს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
როგორ ეხმარებიან უცხოური ინსტიტუტები საქართველოს ჯანდაცვის სისტემას?
სხვადასხვა მიმართულებას შორის, განსაკუთრებით შთამბეჭდავია საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ პარტნიორი ქვეყნების როლი და წვლილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დახმარებისა თუ გაძლიერებისთვის.
განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ეს კოვიდ-პანდემიის ფონზე, როდესაც ქვეყანამ, უფრო კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB), მსოფლიო ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხრიდან, კოვიდ-პანდემიისა და იმუნიზაციის პროგრამის ეფექტიანად შესრულებისთვის ათეული მილიონი დოლარი მიიღო.
ასე მაგალითად, 2020 და 2021 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID 19-ზე საპასუხო პროექტებისა და აქტივობებისთვის ჯერ 2 მილიონ 318 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო, შემდეგ კი 4 მილიონ ნახევარზე მეტი.
მესამე წელია COVID19-ის მიმართულებით კიდევ ერთ მრავალმილიონიან პროექტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა (AIIB) და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 214 მილიონ დოლარს და ის 2023 წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 5,4 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული საქართველოში ვაქცინაციის სამწლიანი პროექტი, რომლის ვადაც 2023 წელს იწურება.
10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გრანტი გამოყო გერმანიის რეკონსუტრუქციის საკრედიტო ბანკმა COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსებულ სხვა პროექტების არასრულ ჩამონათვალს, 4 მილიონზე მეტი ევროთი აფინანსებს ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყანაში ტელემედიცინის პროექტს.
უკანასკნელ წლებში, სამედიცინო აღჭურვილობების გაუმჯობესების პროექტისთვის ეროვნულ რეფერალურ საავადმყოფოებში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, იაპონიამ 4 მილიონამდე დოლარი გამოყო.
2 მილიონზე მეტი დოლარით დააფინანსა იაპონიამ ჯანდაცვის სამინისტროს პროექტი, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში პირველადი სამედიცინო დახმარების მოწყობილობის გაუმჯობესებას გულისხმობს.
დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული სკრინინგის ცენტრებმა გაეროს მოსახლეობის ფონდისგან სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების გასაწევად ქალებისა და ახალგაზრდებისათვის 2 მილიონ 400 ათასი დოლარი მიიღეს.
2017-2019 წლებში, საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გლობალური ფონდისგან 12 მილიონამდე დოლარი გამოეყო.
ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოზირების, პრევენციისა და მკურნალობის მხარდაჭერისთვის ჩეხეთის რესპუბლიკამ სიმსივნის პრევენციის ცენტრს სამი წლის განმავლობაში ერთი მილიონ 200 ათასამდე ამერიკული დოლარი გადაურიცხა.
უფრო მეტი პროექტისა და საგარეო დახმარების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აი, აქ.
ამ საიტზე თავმოყრილია ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის დაფინანსების წყაროების შესახებ, არამედ აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და დაფინანსების შესახებაც, რომლებსაც კანონპროექტის ავტორები ე.წ. "აგენტების" რეესტრში დარეგისტრირებას სთხოვენ მათი დაფინანსების გამჭვირვალობისა და მიზნების "გამოსავლენად".
ასევე ნახეთ ის, რის „გამჭვირვალობასაც“ ითხოვს კანონპროექტი ე.წ. „აგენტების“ შესახებ, ისედაც გამჭვირვალეა