მიღწეულია საერთაშორისო შეთანხმება საზღვაო ბიომრავალფეროვნების დასაცავად

საილუსტრაციო ფოტო

4 მარტს გაეროს წევრი ქვეყნები პირველად შეთანხმდნენ ერთიან ხელშეკრულებაზე საზღვაო ბიომრავალფეროვნების დასაცავად საერთაშორისო წყლებში - რითიც დასრულდა ნიუ-იორკში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები. შეთანხმების თანახმად, 2030 წლისთვის ოკეანის წყლების 30 პროცენტამდე გახდება დაცული აკვატორია - რაც შესაძლებელს გახდის საზღვაო ფლორის და ფაუნის დაცვასა და აღდგენას.

საზღვაო კანონზე გაეროს კონვენცია 1994 წელს ამოქმედდა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზღვაო ბიომრავალფეროვნება არ იყო ცნებად მყარად დამკვიდრებული. შეთანხმების განახლების საჭიროებაზე დისკუსია მიმდინარეობდა ორ ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში.

ახალი შეთანხმების საგანია ე.წ. ღია ზღვა - საერთაშორისო ოკეანის საერთაშორისო წყლები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრების მიღმაა.