უკრაინის არმია აცხადებს დიდ დანაკარგებზე რუსეთის მხარეს, გრძელდება შეტევები ბახმუტზე და სხვა ადგილებზე

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ფრონტის ხაზზე, 4 მარტი, 2023

უკრაინის არმია 5 მარტს აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერია მტრის 130-ზე მეტი შეტევა, და რომ რუსეთის მხარეს დიდი დანაკარგი მიადგა - თუმცა არ იუწყება აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის ბედზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის სრულადაა რუსეთის ალყაში.

თავის ყოველდღიურ ანგარიშში 5 მარტს უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება რუსეთის შეტევებზე ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანის და შახტარის მიმართულებებით დონეცკში, ისევე, როგორც ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარალელურად ისაუბრა კიევის მზადებაზე და დასავლეთის მხარდაჭერაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში - როგორც მორიგ ასპექტზე საერთაშორისო მხარდაჭერისა, რომელსაც უკრაინელები იღებენ ერთი წლის წინ მათ ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის მოგერიების ფონზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან დასავლეთ უკრაინაში შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა: "ამოცანაა ყველაფრის აქტიურად მომზადება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ინტენსიფიკაცია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება".