ირანში აქციები გამართეს იდუმალი დაავადების მქონე გოგონების მშობლებმა

ოჯახების საპროტესტო აქცია თეირანში, 4 მარტი, 2023

ირანის მასშტაბით 4 მარტს ახალი აქციები გამართეს გოგონათა სკოლებში იდუმალი ავადმყოფობით დაავადებული მოსწავლეების მშობლებმა, ავადმყოფობის ახალი შემთხვევების გამოვლენის შესახებ ინფორმაციის ფონზე.

გავრცელებული ცნობებით, პირველი ინციდენტი მოხდა ნოემბერში, როცა ქალაქ ყომში სკოლის 18 მოსწავლე გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის ღებინების, თავის ტკივილის, ხველის, სუნთქვის გართულების, გულისცემის გახშირების და კიდურების სისუსტისა და ტკივილის სიმპტომებით.

მას შემდეგ გამოვლინდა ასობით მსგავსი შემთხვევა, თუმცა ის, თუ რა შეიძლება იწვევდეს ამ დაავადებას, კვლავ უცნობია. დაავადებული გოგონების ნაწილი ამბობს, რომ მათ იგრძნეს ქლორის, თუ დასუფთავების საშუალებების სუნი, ნაწილი იხსენებს, რომ ჰაერში ციტრუსის არომატი იყო.

მშობლებმა აქციები გამართეს საგანმანათლებლო უწყებების წინ, თეირანის სულ მცირე ოთხ ადგილას, ისევე, როგორც ისპაანსა და არდაბილში - იუწყება რადიო თავისუფლების ირანული სამსახური.

სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც თეირანში აქციის მონაწილეები სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, მათ შორის "ჩვენი მტერი აქ არის, და ისინი კი ამერიკაზე მიანიშნებენ" და "მჟავის შესხმა და მოწამვლა - ორივე დანაშაულია".