სათეატრო სფეროს წარმომადგენლები: აგენტების კანონის განხილვაც კი შეურაცხმყოფელია

ფოტო პარლამენტთან გამართული აქციიდან

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში ინიციირებული "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტიდან რომელიმეს მიღების შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ გარანტია, რომ მათი შემოქმედება იქნება დაცული. ამ შინარსის პეტიციას 200-მდე ხელოვანი უერთდება, ამ დროის [4 მარტი, 19:00 სთ] მონაცემებით.

"ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.

თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ", - წერია პეტიციაში.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტი პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

"ხალხის ძალის" განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიას შეაფასებინებენ და ივნისის ბოლომდე ერთ-ერთ მათგანს დაამტკიცებენ, თუმცა ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კანონპროექტები პირველი მოსმენით მიღებული ექნებათ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".