ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

რობერტა მეცოლა და რუსლან სტეფანჩუკი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ის უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს გაერთიანებული სამართლიანობისთვის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"გასული წელი უკრაინაში ნგრევის წელი იყო, დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება. ევროპარლამენტი უდავოდ უკრაინის მხარდაჭერის სათავეშია. გმადლობთ, რომ წელს უკრაინასთან ერთად ხართ!" - თქვა რუსლან სტეფანჩუკმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ევროპარლამენტის 17 რეზოლუცია. უკრაინის რადის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზეც.

"უკრაინის მომავალი ევროკავშირის წევრობაა. ჩვენ მთელ გზას თქვენთან ერთად ვივლით. სასიამოვნოა ჩემს მეგობართან, რუსლან სტეფანჩუკთან კვლავ შეხვედრა. ევროპარლამენტსა და უკრაინის პარლამენტს შორის თანამშრომლობა მხოლოდ გაძლიერდება", - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი ტვიტერში.

2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.

ასევე ნახეთ დაძაბული ერთი წელი ევროკავშირში განაცხადის შეტანიდან - სად ელიან და სად მიდის საქართველო?