რუს მფრინავს, რომელმაც ხარკოვი დაბომბა, უკრაინის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ მსჯავრდადებულმა 2022 წლის მარტში ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ბრძანება მიიღო.

რუს მფრინავს, რომელმაც ხარკოვის რაიონის სამოქალაქო ობიექტები, კერძოდ ხარკოვის სატელევიზიო ანძა დაბომბა, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 3 მარტს განაცხადა.

ის დამნაშავედ ცნეს ომის კანონებისა და წესების დარღვევაში.

"პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ მსჯავრდადებულმა 2022 წლის მარტში მიიღო ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების განადგურების ბრძანება. კერძოდ, მან მიიღო სამიზნის, ხარკოვის ტელე-რადიო გადამცემი ანძის, კოორდინატები", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ტელეგრამის არხით გამოქვეყნებულ პროკურატურის განცხადებას თან ახლავს საავიაციო იერიშის შედეგად განადგურებული და დაზიანებული ობიექტების სურათები.

"მსჯავრდადებულმა, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა საბრძოლო ბრძანების უკანონობა, უარი არ თქვა მის შესრულებაზე და ხარკოვის ტელე-რადიო გადამცემ ანძას რვა FAB-500 ტიპის საავიაციო, ჯამში 2400 კგ სიმძლავრის ბომბი ესროლა. დაბომბვის შედეგების მიხედვით, დაზიანდა სატელევიზიო კოშკის ლითონის კონსტრუქცია, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მისი ტვირთამწეობა და შემდგომ შეუძლებელი გახადა მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია", – აღნიშნეს პროკურატურაში.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის 6 მარტს რუსეთის სუ-34 სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ჩამოაგდეს. თვითმფრინავი აფეთქდა, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, მაგრამ მიწაზე დაშვების დროს უკრაინელმა სამხედროებმა შეიპყრეს.

ამასთან, უკრაინის პროკურატურა სამხედრო მფრინავის ვინაობას არ ასახელებს.

  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე 68 ათასზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინეს, დადასტურდა ომში აკრძალული საშუალებების გამოყენების 952 ფაქტი. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
  • მისი თქმით, დანაშაულის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან არ არსებობს წვდომა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია.