პარლამენტთან აქციაზე "ტაბულის" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც დააკავეს

ბექა ჯიქურაშვილის დაკავება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა მედიის წარმომადგენლებიც. გამოცემა „პუბლიკის" დირექტორ ზურა ვარდიაშვილის გარდა, დაკავებულია "ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილიც. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას "ტაბულის" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

ჟურნალისტების დაკავებაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

"ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა", - აცხადებენ ქარტიაში.

დაკავებები იყო მანამდეც. შსს-ში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 ადამიანი.

ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციის 4 მონაწილე დააკავეს

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "სირცხვილის დერეფანს" მოუწყობდნენ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ დაიწყო.

დემონსტრანტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი იძულებით გაიყვანეს პარლამენტის მანდატურებმა. ამასთან, დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს.

პროტესტის მიუხედავად, კომიტეტების სხდომა გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.

პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგიური იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.